სამსონ გუგავა: „პარლამენტი დასაქმების ადგილი არ არის“
„ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის მინიჭება
თბილისის, როგორც დედაქალაქის ფუნქციის დაკნინებას ითვალისწინებს,“ – ეს განცხადება
„ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა სამსონ გუგავამ არასამთავრობო
სექტორთან შეხვედრისას გააკეთა.
სამსონ გუგავას თქმით, თბილისი არა მხოლოდ საქართველოს,
არამედ კავკასიის რეგიონის პოლიტიკური ცენტრია და შესაბამისად, პოლიტიკური ამინდი თბილისში
უნდა იქმნებოდეს. გუგავა, ასევე, სკეპტიკურად აფასებს ხელისუფლების გათვლას, რომლის
მიხედვით, პარლამენტმა ქუთაისში სამუშაო ადგილები უნდა მოიტანოს.
„პარლამენტი დასაქმების ადგილი არ არის. აქ თუ ვინმე
დასაქმდება, ის თბილისში დაკარგავს სამუშაო ადგილს. ქუთაისი რეგიონული ცენტრია და მას
ჩვენ ეს სტატუსი უნდა შევუნარჩუნოთ. აქ უნდა შეიქმნას ახალი ტექნოლოგიები, აღორძინდეს
მრეწველობა, განათლებისა და ჯანდაცვის უფასო ცენტრები. ჩვენს ქვეყანას სჭირდება ხალხზე
მზრუნველი ხელისუფლება. ყაზახეთისა თუ რუმინეთის სკოლებში ისეთი გაკვეთილები შემოიღეს,
სადაც ასწავლიან როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფოს მმართველი. მაგალითისთვის კი მიხეილ
სააკაშვილი ჰყავთ მოყვანილი,“ – ამბობს სამსონ გუგავა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე