ქუთაისის #2 ციხესთან პატიმრების წამება გააპროტესტეს
„არ აწამო“ - ამ სლოგანით ქუთაისელმა ჟურნალისტებმა
და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერად აქცია
გამართეს.
აქცია, სადაც 100–მდე ადამიანი იმყოფებოდა, ამ წუთებშიც
გრძელდება.
ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეკრებილმა
აქციის მონაწილეებმა პატიმრების მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ტელეკომპანია მეცხრე არხმა გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფ პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალა გაავრცელა.
პატიმრების მხარდასაჭერი აქცია სოციალურ ქსელში, სპონტანურად დაიგეგმა.
„ეს იყო გულისგამგმირავი ვიდეო. ამ კადრების ნახვის
შემდეგ სახლში გაჩერება შეუძლებლად მიმაჩნია. ვაპროტესტებთ ამ ძალადობას და მიგვაჩნია, რომ ეს
არ არის წამება. ეს არის ჯოჯოხეთი, რომელიც სამოთხედ იფუთება,“ - ამბობს მწერალი ცირა
ყურაშვილი.
ჟურნალისტებისა და სამოქალაქო სექტორის მიერ ორგანიზებულ
აქციას მოგვიანებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
თავდიპირველად ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერები და მხარდამჭერები მივიდნენ, შემდეგ აქციას „ქრისტიან–დემოკრატიული
მოძრაობის“ ლიდერებიც შეურთდნენ.
„სააკაშვილმა ყველა წარსულ ბოროტებას გადააჭარბა, რომლისგანაც
ქვეყანას თავის დახსნა უნდოდა. ეს არის მოსახლეობის დატერორების მცდელობა. მე ვიყავი
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ვებრძოდი თარგამაძის რეჟიმს. ესენი
ამ კადრებს შეგნებულად იღებენ, რომ შემდეგ
სხვა პატიმრებს ანახონ და ისინი დააშინონ. პატიმართა ახლობლებისგან ვიცი, რომ ამგვარი ზეწოლის ფონზე, ბევრ პატიმარს ისეთ დანაშაულს
აღიარებინებენ, რომელიც არ ჩაუდენია. კიდევ კარგი, რომ ვიღაცას ეყო გამბედაობა და ეს
კადრები სააშკარაოზე გამოიტანა,“ - ამბობს
კოალიცია „ქართული ოცნების“ წყალტუბოს მაჟორიტარობის
კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი.
გლდანის მე-8 საპყრობილეში წამებული პატიმრების მხარდასაჭერი აქცია თბილისსა და ბათუმშიც მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ პატიმართა წამების ამსახველ ვიდეოს
გავრცელებამდე, რამდენიმე დღის წინ, სახალხო დამცველმა მონიტორინგის ჯგუფის შედეგები
გამოაქვეყნა, სადაც გლდანის #8 ციხესთან ერთად, ქუთაისის #2 ციხეც არის მოხსენებული
და ნათქვამია, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში პატიმართა წამების ტრადიცია კვლავ უცვლელი
რჩება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე