|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხათუნა კალმახელიძის განცხადება თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ პრემიერ-მინისტრს თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე მიმართა.

"ჩემთვის უაღრესად შემაძრწუნებელია ის, რაც მოხდა გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ამასთან დაკავშირებით მე მივმართე პრემიერ - მინისტრს ჩემი გადადგომის თაობაზე.

ჩემი მინისტრობის პერიოდში მე მაქსიმალურად შევეცადე და ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული და რომ სასჯელაღსრულების სისტემა მაქსიმალურად შესაბამისობაში ყოფილიყო ევროპულ სტანდარტებთან, მაგრამ როგორც ჩანს, ეს ძალისხმევა არ იყო საკმარისი, იმიტომ, რომ ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი, რასთან დაკავშირებითაც მე ძალიან ვწუხვარ და არ აქვს მნიშვნელობა, ვისი ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი.

ადამიანურად მე ძალიან ვწუხვარ და მე მინდა ავიღო ადამიანური და რა თქმა უნდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით.

პატიმრების უფლებები აუცილებლად უნდა იყოს დაცული საქართველოში, ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს. მე შევეცადე, ყველაფერი გამეკეთებინა იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები ყოფილიყო დაცული, შევეცადე შევსულიყავი პატიმრების მდგომარეობაში, ისევე, როგორც მათი ოჯახის წევრების მდგომარეობაში, რაზეც მეტყველებს ის რეფორმები, რაც მიმდინარეობდა და მიმდინარეობს სამინისტროში და მე რა თქმა უნდა, პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ძალიან ვწუხვარ ყველა დაზარალებულის გამო და მე იმედი მაქვს, რომ ყველა დამნაშავე პირი დაისჯება სრული სიმკაცრით"– აღნიშნულია ხათუნა კალმახელიძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: ნიუპრესი