|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახლებმა“ საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერეს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას, ასევე, ყველა იმ თანამდებობის პირისა თუ რიგითი თანამშრომლის სისხლის  სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რომლებიც მსგავს ფაქტებში მონაწილეობდნენ. გარდა ამისა, ჩვენ ვითხოვთ, რომ საქმეზე დაიწყოს საერთაშორისო გამოძიება“ – განაცხადა „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ სპეციალურ განცხადებაში.

დავით გამყრელიძემ აღნიშნული განცხადება ქუთაისში, პარტიის ოფისში გააკეთა. „ახლები“ იმ ვიდეომასალს გამოეხმაურენ, რომელიც გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმართა წამებისა და მათი შეურაცხყოფის ფაქტებს ასახავს. გამყრელიძის თქმით,  აღნიშნული შემთხვევა არ არის გამონაკლისი და ის წლების განმავლობაში დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს.

„პატიმართა საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების, ცემის, მათზე ფიზიკური ზეწოლის, შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი, რომელიც ადრეც გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, ადასტურებს, რომ სასჯელაღსრულების სიტემაში ფეხქვეშ ითელება ადამიანის უფლებები, გამეფებულია სისასტიკე და ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა,“ – ამბობს დავით გამყრელიძე.

„ახლების“ ლიდერის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, პარტიამ საარჩევნო კამპანიის დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. "იმედია უახლოეს დღეებში გადაიდგმება კონკრეტული ნაბიჯები. ხელისუფლების განცხადებები, რომ რომ მომხდარი არის გარედან ჩარევის და დანაშაულის ინსპირირების შედეგი, ვერანაირად ვერ გაამართლებს იმას, რაც მთელმა საქართველომ იხილა ამ  საშინელ კადრებში,“ – ამბობს დავით გამყრელიძე.

შეგახსენებთ, რომ გლდანის #8 საპყრობილეში პატიმართა წამების ამსახველი ვიდეო მასალა  გუშინ გავრცელდა, რასაც საქართველოს ქალაქებში ჟურნალისტების,  სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების პროტესტი მოჰყვა.

საპროტესტო აქცია ქუთაისში დღეს, 14:00 საათზე, #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან კვლავ განახლდება.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე