სახალხო დამცველი პატიმართა წამების ფაქტებზე საგანაგებო განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, დაუყოვნებლივ დეტალურად გამოიძიონ სასჯელაღსრულების სისტემაში მომხდარი არასათანადო მოპყრობის ფაქტები, "მათ შორის, ის საქმეები, რომლებიც ფიგურირებს სახალხო დამცველის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშებში და ის ფაქტები, რომელთა ამსახველი ვიდეოკადრები საზოგადოებამ გუშინ იხილა," - აღნიშნულია სახალხო დამცველის საგანგებო განცხადებაში.
"მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ფიგურირებენ სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების თანამშრომლები, ხელმძღვანელობა, ასევე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, მათ შორის N8 დაწესებულების დირექტორი დავით ხუჭუა, დირექტორის მოადგილე ვიქტორ ყაჭეიშვილი, რეჟიმის უფროსი ოლეგ ფაცაცია, ამავე დაწესებულების უსაფრთხოების თანამშრომელი გიორგი ავსაჯანიშვილი, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გაგა მკურნალიძე, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელი გიორგი კინწურაშვილი და სხვა პირები, რომელთა სახელები ფიგურირებს სახალხო დამცველის ანგარიშებშიც.
სახალხო დამცველი შეახსენებს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ აღნიშნული ფაქტები გლდანის N8 დაწესებულებაში რეგულარულ ხასიათს ატარებს. პრაქტიკულად გახსნის დღიდან აღნიშნულ დაწესებულებაში პატიმრების მიმართ სისტემატურად ხორციელდება სხვადასხვა სახის არასათანადო, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა, რის თაობაზეც სახალხო დამცველის არაერთ ანგარიშში დეტალურადაა საუბარი. არაერთ ასეთ ფაქტზე სახალხო დამცველმა დაუყოვნებელი და ეფექტური გამოძიების მოთხოვნით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, თუმცა დღემდე ამ ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების დასჯა არ მომხდარა.
გარდა ამისა, სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ სამწუხაროდ, გლდანის N8 დაწესებულება, არასათანადო მოპყრობის მხრივ, არ წარმოადგენს გამონაკლისს სასჯელაღსრულების სისტემაში. მსგავს პრობლემებთან გვაქვს საქმე ქუთაისის N2, მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა N18, ქსნის N15 დაწესებულებებში. აღნიშნულის თაობაზე სახალხო დამცველმა არაერთხელ გაავრცელა საგანგებო განცხადება, რასაც სათანადო რეაგირება არ მოყოლია.
სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ ამჯერად სამართალდამცავი ორგანოები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ გამოვლინდეს და სათანადოდ დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც მონაწილეობდა პატიმრების ცემასა და მათ მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაში, ასევე, ის პირებიც, ვისი მდუმარე თანხმობითაც ხორციელდებოდა ზემოაღნიშნული," – ნათქვამია საგანგებო განცხადებაში.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე