|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიიდან ერთდროულად 128 თანამშრომელი შვებულებაში გავიდა

ქუთაისის მერიის 128 თანამშრომელი ამ დროისთვის კუთვნილ სამსახურებრივ შვებულებაში იმყოფება. შვებულებით მოსარგებლე პირებიდან უმრავლესობას მერიის ტერიტორიულ ორგანოებში დასაქმებული პირები, სამსახურების უფროსები და წამყვანი სპეციალისტები წარმოადგენენ. რომლებიც კუთვნილ შვებულებას ძირითადად „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბებში ატარებენ.

მერიის თანამშრომელთა შვებულებაში გასვლის  თარიღად newpress–ის მიერ გამოთხოვილ წერილობით ინფორმაციაში სხვადასხვა რიცხვია მითითებული. თუმცა მათ უმრავლესობას შვებულება 3–10 სექტემბრიდან  ერთი თვის ვადით (10 ოქტომბრამდე) აქვს აღებული.

შვებულებაში მყოფი პირებიდან ოთხი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. 37 ადამიანს ტერიტორიულ ორგანოში წამყვანი ან  მთავარი სპეციალისტის პოსტი უჭირავს, ხოლო 4 პირი მერიის სამსახურის უფროსია.  დანარჩენი პირები მერიის სხვადასხვა სამსახურში მთავარ სპეციალისტებს წარმოადგენენ.

 შვებულებაში იმყოფებიან მერის თანაშემწეებიც.  რომელთაგან ერთ–ერთი – შოთა კოჩაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ქუთაისში მოწყობილ საზეიმო მსვლელობაში მონაწილეობდა.

შვებულებით სარგებლობს  მერიის ქონების მართვისა და განკარგვის განყოფილების უფროსი ვალერიან თევდორაძე, რომელიც  ქუთაისის #8 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეა. ხოლო ის პირები, რომლებიც ასევე, შვებულებას იყენებენ,  კუთვნილ შვებულებას „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბებში ატარებენ.

ქუთაისის მერიაში სულ 537 ადამიანია დასაქმებული.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე