ქუთაისში მედიისა და არასამთავრობოების პროტესტს ხელოვანებიც შეურთდნენ
ადამიანების წამებისა და ძალადობის წინააღდგეგ მიმართული
საპროტესტო აქციები დღეს,
23 სექტემბერს, ქუთაისში
რამოდენიმე ადგილას კვლავ გაიმართა.
საზოგადოებრივმა მოძრაობამ „შეაჩერე აქტი“, ათდღიანო
საპროტესტო მოძრაობის ფარგლებში, მდუმარე აქცია ამჯერად საქალაქო სასამართლოს შენობის
წინ გამართა. მოძრაობას მედიისა და არასამთავრობო სექტორის
წარმომადგენლები შეადგენდნენ. საპროტესტო აქცია გაგრძელდება ხვალაც. თუმცა აქციის ადგილად
უკვე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორია იქცევა (12:00 საათი).
დღეს საპროტესტო აქცია გაიმართა ქალაქის თვითმმართველობის
შენობის წინაც. იგი სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა მოაწყვეს. მსახიობების, მხატვრების,
მწერლებისაგან შემდგარმა მოპროტესტე ჯგუფმა აქციის ფორმით გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება
ყოველგვარი ძალადობისა და უსამართლობის მიმართ.
„აგრესია ყოველთვის დამთრგუნავია, მითუმეტეს
შოკისმომგვრელია ვიზუალური მომენტი, რისი მოწმეც ყველა ჩვენთაგანი გახდა. როგორ ექცევიან
პატიმრებს ციხეში შეგიძლია გათვალო და იმსჯელო იმაზე, თუ როგორია საზოგადოება, სისტემა,
რომელშიც ვცხოვრობთ. ამის გამო თავისთავად ჩნდება პროტესტი“, - ამბობს მხატვარი გიორგი
ჭიღლაძე.
„ვაპროტესტებთ იმას, რამაც მთელი საქართველო შეძრა.
ერის ისტორიაში დგება ისეთი მომენტი, როცა მკვეთრად გამოხატული კოლაბორაციონისტებიც
კი იძულებულნი არიან რაღაც ფორმით ხმა ამოიღონ.
თითოეული ადამიანის თავმოყვარეობა, მისი ღირსება შეურაცხყვეს და არა მხოლოდ
იმ ადამიანების, რომელთა წამების შემზარავი კადრებიც ვიხილეთ. მოითმენ შიმშილს, გაჭირვებას,
მაგრამ არის რაღაც, რისი
მოთმენაც არ შეიძლება“, - ამბობს პოეტი ნანა გასვიანი.
ავტორი: ეკა კუხალაშვილი