|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოს მიერ მედიისთვის აკრძალვების შესაძლო დაწესება ქუთაისშიც გააპროტესტეს

საარჩევნო უბნებზე ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლო აკრძალვის გამო, დღეს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან ქუთაისის მედიის წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

ჟურნალისტებმა იმ დადგენილელბის პროექტი გააპროტესტეს, რომლითაც ცესკო კენჭისყრის დღეს უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების შეხღუდვის დაწესებას აპირებს.


ცესკოს ახალ დადგენილებას პროტესტი თბილისშიც მოჰყვა. " ნეტგაზეთის" ინფორმაციით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცოტა ხნის წინ დასრულდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა წარმომადგენლებსა და ცესკოს თავმჯდომარეს შორის შეხვედრა იმ დადგენილების შესახებ, რომლითაც ცესკო კენჭისყრის დღეს უბნებზე ფოტოვიდეო გადაღების შეხღუდვის დაწესებას აპირებს.

ცსკოს სხდომა, რომელზეც არჩევნების დღეს მედიისთვის ფოტო და ვიდეო გადაღების აკრძალვა უნდა განეხილათ, ხვალისთვის გადაიდო.

"საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის" თავმჯდომარის ია მამალაძის თქმით, შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დადგენილების გამო თვითონ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს შორისაც აზრთა სხვადასხვაობაა, თუმცა ზურაბ ხარატიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ გარკვეული სახის რეგულაციების დაწესება ფოტოვიდეოგადაღების შესახებ აუცილებელი იქნება. მამალაძის თქმით, ხვალ, 12 საათზე, სასტუმრო "თბილისი მერიოტში" ამ საკითხებზე გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ცესკოს მონაწილეობით, სადაც იმსჯელებენ, თუ რა სახის რეგულაციები იქნება დაწესებული უბნებზე ფოტოვიდეოგადაღების კუთხით კენჭისყრის დღეს," - წერს "ნეტგაზეთი".

ცესკოს დადგენილების პროექტის მიხედბით,  კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბნის გახსნიდან - დილის 7 საათიდან, საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმების შედგენის პერიოდის ჩათვლით:  კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებთან ინტერვიუების ჩაწერა დასაშვებია მხოლოდ კენჭისყრის შენობის გარეთ. კომისიის წევრების მიერ ინტერვიუების მიცემა უნდა განხორციელდეს კომისიის თავმჯდომარის თანხმობისა და კენჭისყრის პროცესში მისთვის განკუთვნილი მოვალეობის შესრულების შეფერხების გარეშე.

კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს შეუძლიათ დაუბრკოლებლად გადაიღონ კენჭისყრის პროცესის ის პერიოდი საარჩევნო უბანში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე ამომრჩევლები, პოლიტიკური თანამდებობის პირები, საარჩევნო სუბიექტებისა და პოლიტიკური გაერთიანებების ხელმძღვანელები, რელიგიური ლიდერები და ა.შ.  (წყვეტს კომისიის თავმჯდომარე), აძლევენ ხმას, რის შემდეგაც ფოტოვიდეო გადამღები აპარატები უნდა გატანილ იქნას კენჭისყრის შენობიდან;

ერთი და იგივე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებას უფლება აქვს ერთ საარჩევნო უბანზე ფოტოვიდეო გადაღება ერთხელ აწარმოოს არაუმეტეს 5 წუთისა.


ავტორი: სოფო ბობოხიძე