წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი შეწყდა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო
პროცესი 4 ოქტომბრამდე გადაიდო.
სასწავლებლის
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის ახალი სასწავლო წელი დღეს, 24 სექტემბერს უნდა
დაწყებულიყო, თუმცა უნივერსიტეტში მისულ სტუდენტებს განუცხადეს, რომ სწავლა გადაიდო.
მათ შორის იმ სტუდენტებისთვისაც, რომლებმაც ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს უკვე
დაიწყეს.
სასწავლო პროცესის გადადების მიზეზი გაურკვეველია.
სასწავლებლის ხარისხის მართვის სამსახურის უფროსი კოტე სირბილაძე
განმარტავს, რომ უნივერსიტეტში უბრალოდ, საორგანიზაციო
საკითხების მოწესრიგება მიმდინარეობს. სირბილაძე ასევე, უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას,
რომ უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის შეფერხება
ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. რომელშიც აქტიურად ჩართულნი
არიან სტუდენტებიც. ისინი ძალადობის და წამების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს დღემდე
მართავენ.
„სტუდენტებს
საგნები აქვთ ასარჩევი, აუდიტორიებია მოსაწყობი. ჩვენ აპოლიტიკური ორგანიზაცია ვართ
და მიმდინარე მოვლენები სწავლის პროცესზე არ ახდენს გავლენას,“ – ამბობს კოტე სირბილაძე.
სტუდენტების განცხადებით, მათთვის გაურკვეველია სწავლის
გადადებასთან დაკავშირებული მიზეზები.
„უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ აქტიური
სასწავლო პროცესი არ იქნება, თუმცა სასწავლებელში მაინც უნდა ვიაროთ. ხელმძღვანელობა
ამაზე არ საუბრობს, თუმცა ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, თავად სტუდენტებს არ
სურთ უნივერსიტეტში სიარული,“ – ამბობენ სასწავლებლის სტუდენტები.
ქუთაისში სტუდენტების აქცია დღესაც იმართება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე