|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ცესკოში სხდომის მიმდინარეობას ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურნენ

ცესკოში მიმდინარე სხდომას, მედიისთვის შესაძლო აკრძალვების დაწესების თაობაზე, ქუთაისში პროტესტით გამოეხმაურნენ.
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცესკოში სხდომის დაწყებისთანავე (19:00 საათი) აქცია გამართეს ქუთაისის #59 საოლქო საარჩევნო კომისიასთან. 
საუბარი ეხება ცესკოს ახალი დადგენილების პროექტს, რომელიც კენჭისყრის დღეს, საარჩევნო უბანზე ფოტო–ვიდეოგადაღებას კრძალავს. აღნიშნული დადგენილების პროექტის განხილვა ცესკოში ამ წუთებშიც გრძელდება.
ქუთაისის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები სხდომის შედეგებს ელოდებიან. მათი განცხადებით, ცესკომ არ უნდა მიიღოს ახალი დადგენილება, რადგან ის ხელს შეუშლის არჩევნების სამართლიანად ჩატარებას. 
"საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილების მიღებას, რომელიც განსაზღვრავს საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეოგადაღებას, წინააღმდეგობაში მოჰყავს საქართველოს საარჩევნო კოდექსში გაწერილი მუხლები, სადაც დასაშვებია საარჩევნო უბანზე ფოტო და ვიდეო გადაღება, გარდა საარჩევნო კაბინისა. აგრეთვე, შეზღუდვების დაწესება ხელს შეუშლის არჩევნების სამართლიან და გამჭვირვალედ ჩატარებას"- ამბობს "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის ადვოკატი გიორგი ჭიქაბერიძე.
ქუთაისის მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცესკოს დადგენილების წინააღმდეგ აქცია გუშინაც გამართეს. 

ავტორი: სოფო ბობოხიძე