|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კალაძე და გუბაზ სანიკიძე შსს–ს მიერ გავრცელებულ მასალებს სისულელეს უწოდებენ

კოალიცია „ქართული ოცნების " სიის პირველი ნომერი კახა კალაძე და კოალიციის ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე შსს–ს მიერ დღეს გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს სისულელეს და ფაბრიკაციას უწოდებენ.

ჩანაწერები, რომლებიც დღეს შსს–მ გამოაქვეყნა კანონიერ ქურდებთან კახა კალაძისა  და გუბაზ სანიკიძის კავშირს ეხება. 
„მე ქურდებთან საერთოდ, ცხოვრებაში ურთიერთობა არ მქონია. ეს არის ფაბრიკაცია სააკაშვილის ხელისუფლების. თანამედროვე ტექნოლოგიები, მოგეხსენებათ როგორიც არის.ნებისმიერი ხმა შეიძება ჩაიწერონ. ვალერი ხაბურძანია ჩემი მეგობარია და მე ჩემს მეგობრებზე არასოდეს უარს არ ვამბობ. ვალერი ხაბურძანია კრიმინალია, დამნაშავეა თუ რა არის? რამდენადაც მახსოვს ის "ვარდების რევოლუციის" გმირი იყო. ეს ყველაფერი სისულელეა. რა ქურდების გამოყვანა? ხაბურძანიასთან თვეში ერთხელ მაინც მაქვს ურთიერთობა, სკაიპის  საშუალებით, მაგრამ, ბოლო 4 თვეა არ მილაპარკებია მასთან როგორც მახსოვს," – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში.
კოალიცია „ქართული ოცნების " სიის პირველი ნომერი კახა კალაძეც აცხადებს, რომ შსს–ს მასალები სისულელეა.
შეგახსენებთ, რომ დღეს შსს–მ რამდენიმე ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა.  ერთ–ერთი  ჩანაწერი ეხება კოალიცია „ქართული ოცნების " სიის პირელ ნომერს კახი კალაძეს. შსს–ს ცნობით, სამინისტროს მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მოპოვებული ფარულ აუდიოჩანაწერებით, ნათლად ვლინდება კახი კალაძის და რვა ქართველი კანონიერი ქურდის შეხვედრის ფაქტი უცხოეთში და კალაძის ახლო დამოკიდებულება ამ კრიმინალური წრისადმი.

ხოლო კიდევ ერთი ჩანაწერი ეხება „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის გუბაზ სანიკიძის და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის უშიშროების მინისტრის, ამჟამად მოსკოვში მცხოვრებ ვალერი ხაბურძანიას შორის შემდგარ გარიგების დეტალებს.

კერძოდ, მათი გარიგების მიხედვით, გუბაზ სანიკიძე ვალერი ხაბურძანიას თხოვს რუსეთში, ციხიდან ერთ-ერთი ქუთაისელი კანონიერი ქურდის–  ვალერი მარგიანის გამოშვებას და ამის სანაცვლოდ თავაზობს მას ფულად ანაზღაურებას. 



ავტორი: თეა ზიბზიბაძე