„ოცნების“ აქტივისტების პროცესზე მოსამართლემ „მეოცნებეები“ დარბაზიდან გააძევა
ქუთაისში „ქართული ოცნების“ აქტივისტების სასამართლო
პროცესი კვლავ გადაიდო. სხდომა, რომელიც დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა, პროკურორის
შუამდგომლობით შეწყდა, რადგან ამ უკანასკნელმა მოწმეები ვერ წარმოადგინა.
სხდომის გადადებამ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული
„ოცნების“ აქტივისტების – მიხეილ მესხის, მიხეილ ამაშუკელის, გაგა ამბროლაძის, ნინო
ყურუასა და კობა ჯაბუას ახლობლების უკმაყოფილება გამოწვია.
პროტესტის გამოხატვის გამო, მოსამართლემ კოალიცის წარმომადგენლები – ომარ
ნიშნიანიძე და თეა წულუკიანი სასამართლო დარბაზიდან გააძევა, ხოლო ერთ–ერთი ბრალდებულის
ნინო ყურუას დამ, ნანა ყურუამ დარბაზი საკუთარი სურვილით დატოვა.
სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, „ქართული ოცნების“
ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სასამართლოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავდნენ,
სახელწოდებით – „სოლიდარობა სინდისის პატიმრებს“.
„პროცესი იმიტომ გადაიდო, რომ თურმე მოწმის მოყვანა
ვერ უზრუნველყვეს. მოწმეს ვერ ნახულობენ, ან
ფულზე ვერ ურიგდებიან ალბათ. ეს არის მაგათი სასამართლო. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორიზმი,
რომლესაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს. მაგრამ 1 ოქტომბერს განაჩენს ასეთ სასამართლოს
ქართველი ხალხი გამოუტანს,“ – ამბობს ომარ ნიშნიანიძე.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, კოალიციის აქტივისტების
პროცესი, რომელიც დაახლობით სამი თვეა მიმდინარეობს, 16 ოქომბერს განახლდება.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე