|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მე–2 ციხეში პატიმრები ადმინისტრაციის დასჯას ითხოვენ

ქუთაისის #2 და გეგუთის #14 სასჯელაღსრულების  დაწესებულებებში ამ ეტაპზე სიმშვიდეა, თუმცა პატიმრები მათ არაადამიანურ მოპყრობაში მონაწილე პირების დასჯას ითხოვენ- ომბუდსმენის აპარატმა დღეს, იმ მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა, რომელსაც მიმდინარე წლის 18 სექტემბრიდან იმერეთის ციხეებში აწარმოებდა.

სახალხო დამცველის აპარატის ჯგუფმა ციხეების უწყვეტი მონიტორინგი გასულ კვირას,  პატიმართა წამების ამსახველი ვიდეომასალების გავრცელების შემდეგ დაიწყო. ომბუდსმენის აპარატის დასკვნის მიხედვით,  გეგუთის N14 დაწესებულებაში, სადაც  მსჯავრდებულები ციხის ადმინისტრაციის მიმართ კმაყოფილებას გამოთქვამენ,   18 სექტემბერს ,  დღის მეორე ნახევრიდან პატიმრებს ტელეფონით და ტელევიზორით სარგებლობის უფლება შეეზღუდათ, თუმცა შეზღუდვა  20 სექტემბერს  მოეხსნათ.

ხოლო ქუთაისის #2 ციხეში მიმდინარე წლის  21 სექტემბრიდან ამდენიმე პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.  ისინი  დაწესებულებაში მომუშავე  ოცამდე  თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდნენ, რომლებიც პატიმართა   მიმართ დამამცირებელი მოპყრობითა და  ზღვარგადასულ აგრესიით გამოირჩეოდნენ. აღნიშნულ პიროვნებეს შორის პატიმრები ყველაზე ხშირად   დაწესებულების ყოფილ დირექტორ დიმიტრი ჯიჭონაიასა და  ასევე თანამშრომლებს,  გაგა ლიპარტელიანსა  და ირაკლი ჯიშკარიანს ასახელებენ.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მოხსენებაშია ნათქვამი, პატიმრების მიერ აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიმართავს შესაბამისი ზომების მისაღებად, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები სასჯელაღსრულების სისტემაში.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე