გუბაზ სანიკიძე: „ხელისუფლებას აქვს ახალი შეთითხნილი საქმე“
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, რომ ქუთაისში კოალიციის კიდევ ერთი აქტიური წევრის
დაჭერა იგეგმება.
სანიკიძის განცხადებით, ხელისუფლებას აქვს ახალი შეთითხნილი საქმე, კოალიციის აქტიური
წევრის – ბაკურ ხურციძის წინააღმდეგ, რომელიც პოლიციის განყოფილებაში გუშინ დაიბარეს.
„ბაკურ ხურციძე დაიბარეს მოწმის სტატუსით, თუმცა აპირებენ
შეიტყუონ და დააპატიმრონ. გვაქვს ინფორმაცია, რომ ხურციძეს აბრალებენ ქუთაისის მერიის
დასუფთავების სამსახურის 4 თანამშრომლის ცემას. გამორიცხულია ბაკურს ვინმე ეცემა. მას
აქვს დიაბეტი და ფიზიკურად ვერ შეძლებდა ამდენი
ადამიანის ცემას,“ – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ
დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ბაკურ ხურციძის ადვოკატი მამუკა სიგუა აცხადებს, რომ
ხელისუფლების მიზანია, კოალიციის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური წევრი საარჩევნო პროცესებს
ჩამოაცილონ.
„გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ არ გვითხარა, რატომ უნდა
გამოცხადდეს ბაკურ ხურციძე პოლიციის განყოფილებაში. ეს არის კანონის უხეში დარღვევა,
რადგან პოლიცია ვალდებულია მოწმეს აცნობოს რის გამო იბარებენ,“ – აცხადებს ადვოკატი
მამუკა სიგუა.
newpress-ის ინფორმაციით,
ცემის ფაქტი, რის გამოც ხურციძე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, 5 სექტემბერს, ქუთაისში
მოხდა. როდესაც ბერა ივანიშვილის კონცერტის სამზადისში, პლაკატები ჩამოხიეს.
ზემოთ აღნიშნული რიცხვით, იმერეთის სამხარეო კლინიკურ
საავადმყოფოში ნამდვილად არის დაზარალებული პაციენტის (დასუფთავების სამსახურის თანამშრომლის
– ვინმე სანიკიანის) მიყვანა გატარებული, თუმცა კოალიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება მერიის თანამშრომლების ცრუ მოწმეებად
გამოყენებას აპირებს და რეალურად ისინი არავის უცემია.
„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, ქუთაისში ბოლო დღეების განმავლობაში კოალიციის
სამი წევრი – ზაზა ადეიშვილი, ამირან ჯიმშელეიშვილი და ვაჟა კიბურძანიძე უკვე დააკავეს.
ხოლო ხურძიცის პოლიციის განყოფილებაში დაბარებით დაჭერების სერიას აგრძელებენ.
ავტორი: ხათუნა მაისურაძე