ქუთაისში პატიმართა წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი დააკავეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს გამთენიისას დაკავებული არიან პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა, წამებასა და გაუპატიურებაში მხილებული 4 პირი.
პროკურატურის ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისის მე-16 საპყრობილის დირექტორი ზურაბ რუხაია, ამავე საპყრობილის რეჟიმის უფროსი დავით ნარსია, ამავე საპყრობილის მორიგე ინსპექტორები ნიკოლოზ ვახტანგიშვილი და გიორგი გრძელიძე.
„აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-16 საპყრობილის ტერიტორიაზე,“ – ნათქვამია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 16 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.
პროკურატურის განცხადებით გამოძიება კვლავ გრძელდება, რომლის მიმდინარეობის შესახებ დამეტებით გახდება ცნობილი.
ავტორი: თეა ზიბზიბაძე