მესხიშვილის თეატრის მმართველის ადგილსამყოფელი ამ დრომდე არ ხმაურდება
ქუთაისის მესხიშვილის თეატრის მსახიობების განცხადებით,
თეატრში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მთავარი კითხვა, სად იმყოფება თეატრის მმართველი
გიორგი სიხარულიძე, უპასუხოდ რჩება.
„გუშინ გავრცელდა
ინფორმაცია თეატრში უშიშროების თანამშრომლების ყოფნასთან დაკავშირებით, თუმცა ვერაფერს
გეტყვით. ერთი, რისი თქმაც შემიძლია ის არის,
რომ დღეს თეატრში აბსოლუტური სიმშვიდეა და
ყველანი სამუშაო რეჟიმში ვართ. გიორგი სიხარულიძე თეატრშია. გუშინ იმიტომ ვერ გამოვიდა
მსახიობებთან და ჟურნალისტებთან, რომ შეუძლოდ
გრძნობდა თავს. მოგვიანებით, ჩვენთან შეხვედრისას მან ეს მიზეზი დაასახელა,“ – ამბობს
მსახიობი გიორგი შალამბერიძე.
მსახიობის აღნიშნული
განცხადების მიუხედავად, თეატრის მმართველი ამ ეტაპზე შენობაში არ იმყოფება. მასთან
დაკავშირება არც მობილური ტელფონით არის შესაძლებელი, რადგან სიხარულიძის კუთვნილი
მობილური ტელეფონის ნომერი გამორთულია.
რეჟისორ პაატა მილორავას თქმით, სიხარულიძე გუშინ მსახიობებთან გვიან ღამით გამოჩნდა,
თუმცა მისი თქმით, მანამდე ის უშიშროების თანამშრომლებმა
მანქანით გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.
თეატრის პრესსამსახურის ცნობით, კი სად იყო გუშინ გიორგი სიხარულიძე, ამ კითხვას
თავად მან უნდა უპასუხოს. რადგან პრესსამსახურის
ცნობით, სიხარულიზე თეატრში დაახლოებით ღამით – 03:00 საათზე დაბრუნდა.
მესხიშვილის თეატრში არეულობა გუშინ, 27 სექტემბერს,
19:00 საათისთვის დაიწყო, როდესაც თეატრში ახალი სეზონი „ბამბაზიის სამოთხით“ უნდა
გასხნილიყო, რომელიც აფხაზეთის თემას შეეხება. თუმცა სპექტაკლი მოიხსნა, ასევე, გაითიშა
შუქი.
არსებული ინფორმაციით, ხელისუფლებისათვის ცნობილი გახდა,
რომ თეატრის დასი პოლიტიკური განცხადების გაკეთებას აპირებდა. ამიტომ, მერიის თანამშრომლებმა
თეატრის მმართველს, რომელიც ამავე დროს ქალაქის საკრებულოს დეპუტატია, დაავალეს, რომ
არც სპექტალი ჩაშლილიყო და არც პოლიტიკური განცხადებები გაკეთებულიყო. თუმცა , საბოლოოდ არც სპექტაკლი და არც ახალი სეზონის გახსნა არ შედგა. აღნიშნულმა
ფაქტმა თეატრის მსახიობების პროტესტი გამოიწვია.
მსახობები სცენაზე დგომის ნავლად გვიან საღამომდე თეატრის გარეთ იმყოფებოდნენ და მმართველთან შეხვედრას
ითხოვდნენ.
მესხიშვილის თეატრის წინ შეკრებილი მსახიობები დახლოებით
23:00 საათისთვის დაიშალნენ. მათთან ერთად იმყოფებოდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“
წარმომადგენლები.
მსახიობ მარიკა სამანიშვილის თქმით, თეატრში შუქი ხელისუფლებამ გათიშა, რადგან არ უნდოდათ
„მეოცნებეები“ სპექტაკლს დასწრებოდნენ.
„ამ წუთებში
სიმშვიდეა, თუმცა ველოდებით ხელისუფლება რა ნაბიჯებს გადადგამს და კიდევ რას გააფუჭებს.
ეს ყველაფერი ხელისუფლების ფანტაზიაზეა დამოკიდებული,“ – ამბობს რეჟისორი პაატა მილორავა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე