ქუთაისის #2 საპყრობილეში პატიმართა წამებაში მხილებული 2 პირი დააკავეს
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა მიმართ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს, 28 სექტემბერს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ დააკავა პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მხილებული კიდევ 2 პირი.
სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე სამართალდამცველებმა დღეს დილით დააკავეს.
პროკურატურის განცხადებით, აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე.
"გამოძიების ამ ეტაპზე სულ დაკავებულია 18 პირი, მათ შორის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ციხის ორი დირექტორი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი," – აღნიშნულია პროკურატურის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და დამატებით ინფორმაცია გამოძიების მსვლელობისას გახდება ცნობილი.
ავტორი: ნიუპრესი