|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრის მმართველის გადაწყვეტილების შესახებ ქუთაისის საკრებულოში არაფერი იციან

„სიხარულიძემ დატოვა საკრებულო?  მართლა არ ვიცოდი,“ – ამბობს ქუთაისის საკრებულოს აპარატის უფროსი  ვანო ჟორჟოლიანი. რომელმაც მესხიშვილის თეატრის მმართველის მიერ საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილების შესახებ newpress–სგან შეიტყო.

მესხიშვილის თეატრის მმართველის გიორგი სიხარულიძის მიერ დღეს მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის უარს ამბობს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატობაზე, მოულოდნელი აღმოჩნდა მისი კოლეგებისთვისაც.

„რა გადაწყვეტილებაზე მეუბნებით, არ ვიცი?.. არა მგონია სიხარულიძეს  ეგ გადაწყვეტილება მიეღო“, – გვითხრა  სატელეფონო საუბრისას საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა.

საკრებულოს დეპუტატები გიორგი სიხარულიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შეფასებისგან ამ დრომდე თავს იკავებენ.

„ჩამოვყალიბდებით შეფასებაზე  და მერე  თავად დაგიკავშირდებით და მოგახსენებთ“, – უთხრა newpress–ს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა მერაბ ბარათშვილმა.

ბარათაშვილის მსგავსად, კოლეგის გადაწყვეტილებისა და საკრებულოში  მისი ორწლიანი მუშაობის შესაფასებლად „ჩამოყალიბება“  სჭირება საკრებულოს კიდევ ერთ წევრს – დავით ჯანაშიასაც.

ამ დრომდე უცნობია, რა ფორმით მიმართა გიორგი სიხარულიძემ საკრებულოს დეპუტატობაზე უარის თქმის მოთხოვნით და რა გადაწყვეტილება მიიღო თავად საკრებულომ.

გიორგი სიხარულიძესთან დაკავშირება, ისევე, როგორც საკრებულოს თამჯომარესთან ამდრომდე შეუძლებელია. საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ხვადაგიანი ტელეფონს არ პასუხობს, ხოლო სიხარულიძეს კუთვნილი მობილურის ნომერი გათიშული აქვს.

საკრებულოს სხვა დეპუტატები კი აცხადებენ, რომ სიხარულიძეს საკრებულოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავს.

„საკრებულოდან წასვლა ასე იოლი არ არის. განცხადებას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. არც საკრებულოს წევრებისთვის და არც აპარატისთვის მას ოფიციალური წერილით ამ დრომდე არ მოუმართავს,“ – ამბობს საკრებულოს უმრავლეობის წევრი დავით გოგისვანიძე.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მმართველმა გიორგი სიხარულიძემ საკრებულოს დატოვების გადაწყვეტილება დღეს მიიღო. დეპუტატობაზე უარი სიხარულიძემ თეატრში გუშინ განვითარებული მოვლენების შემდეგ თქვა, როდესაც ახალი სეზონის გახსნა ჩაიშალა.

როგორც თეატრის მსახიობები ამბობენ ხელისუფლებამ განზრახ ჩაშალა სპექტაკლი რადგან მათთვის ცნობილი გახდა ინფორმაცია რომ სპექტაკლზე დასის მხრიდან პოლიტიკური განცხადებები და მიმართვები უნდა გაკეთებულიყო.

გიორგი სიხარულიძემ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დღევანდელ ბრიფინზე ახსნა: ძალიან კორექტულად, ყოველგვარი ზეწოლის გარეშე შემომთავაზეს დამეფიქსირებინა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიცია, რასაც მე ვემიჯნები და მოვდივარ ქალაქის საკრებულოდან.

ვგმობ სისტემას, რომელიც ებრძვის ადამიანს და ვიზარებ კოალიციის ლიდერის მოსაზრებას, წარმოთქმულს ზუგდიდში აფხაზეთის თემასთან დაკავშირებით. ვურჩევნ ყველას შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მივიდეთ არჩევნებამდე," – აცხადეს გიორგი სიხარულიძე.

სიხარულიძე ქუთაისის საკრებულოში 2010 წლის არჩევნების შემდეგ შევიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ სიით.

ავტორი: თეკლა მორგოშია