დაპირისპირება "ოცნებასა" და "ნაციონალებს" შორის
ქუთაისში, „ქართული ოცნების“ აქციის დასრულების შემდეგ, კოალიციისა და „ნაციონალების“ წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა. „ოცნების“ აქციის ორგანიზატორის შალვა კიკნაველიძის თქმით, აქციის დასრულების შემდეგ, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე აპარატურის დემონტაჟი მიმდინარეობდა, როდესაც „ნაციონალების“ აქტივისტები ტერიტორიაზე მანქანებით შემოვიდნენ.
„მანქანები „ნაციონლაების“ 5–იანი პლაკატებით იყო გაფორმებული. არასწორ მანევრს აკეთებდნენ და ჩვენს აქტივისტებს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ერთ–ერთი მანქანა მოქალაქეს დაეჯახა, რომელიც ჩვენს აქციაზე იმყოფებოდა. საბედნიეროდ, ამ ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო. მე საპატრულო პოლიცია გამოვიძახე, რომელიც 15 წუთის დაგვიანებით მოვიდა. როგორც სჩანს, ხელისუფლებამ ვერ აიტანა დღეს, ქუთაისში გამარტული ჩვენი აქციის გრანდიოზულობა,“ – ამბობს შალვა კიკნაველიძე.
საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა განცხადებით, შემთხვევასთან დაკავშირებით შედგა ოქმი და მიმდინარეობს გამოძიება. როგორც ძალოვნები აცხადებენ, დამნაშავის ვინაობა მოკვლევის შედეგად გახდება ცნობილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე