|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ახალი გაზეთის“ რედაქციის საგანგებო განცხადება

„ახალი გაზეთის“ რედაქცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას, რადგანაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მედიის და მათ შორის ჩვენი მონაწილეობა 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პროცესში.

ოფისთან დაკავშირებული სადაო საკითხის მიუხედავად, ჩვენ მთელი დღის განმავლობაში შევეცდებით  უწყვეტ რეჟიმში მოგაწოდოთ ინფორმაცია არჩევნების  მიმდინარეობის შესახებ იმერეთის სამი ოლქიდან (წყალტუბოს, სამტრედიის,  ქუთაისის საარჩევნო ოლქები). ამის უზრუნველსაყოფად საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ის (რომლის დამფუძნებელია შპს „ახალი გაზეთი“) მობილური ჯგუფები 24–საათიან რეჟიში იმუშავებენ.

რაც შეეხება ოფისთან დაკავშირებულ სადაო საკითხს, „ახალი გაზეთის“ მთავარმა რედაქტორმა ია ბობოხიძემ უკვე მიმართა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს თამარ ფაჩულიას და უახლოეს დღეებში, „საიას“ მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის იურისტი გიორგი ჭიქაბერიძე საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე მოამზადებს შესაბამის იურიდიულ დოკუმენტს. აღნიშნულთან დაკავშირებით, დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით გაცნობებთ.

ამ დრომდე გაზეთის რედაქცია ოფისის დატოვებას არ აპირებს. უსაფრთხოების გარანტიები ჟურნალისტებს გუშინ, პოლიციის მე–2 განყოფილების თანამშრომლებმა მისცეს.

გაზეთი „ახალი გაზეთის“ რედაქცია მადლობას უხდის ყველა მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე, რიგით მოქალაქეებს გუშინდელი ინციდენტის შემდეგ გამოხატული მხარდაჭერისთვის. თითოეულმა მათგანმა „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტებს მთელი ღამის განმავლობაში სოლიდარობა გამოუცხადა და რედაქციას მუშაობისთვის საკუთარი ფართი შესთავაზა.

ამას გარდა, მოქალაქეები ამ დრომდე რეკავენ გაზეთის რედაქციაში და ფიზიკურ დახმარებას პირდებიან ტექნიკისა და საოფისე ავეჯის გადატანასთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ გაზეთ "ახალი გაზეთის" რედაქციას ქუთაისში, კოსტავას #11–ში მდებარე ოფისის დაცლა სახლის მფლობელებმა გუშინ, 29 სექტემბერს, ტელეკომპანია მე–9 არხზე გაკეთებული ჩართვის გამო მოსთხოვეს.

გაზეთის მთავარი რედაქტორის ია ბობოხიძის თქმით, გუშინ, ქუთაისში გამართულ "ქართული ოცნების" აქციასთან დაკავშირებით ტელეკომპანია "მეცხრე არხმა" ვასილ მაღლაფერიძის გადაცემაში (კონსილიუმი) ჩართვა სთხოვა. ჩართვის დასრულებისთანავე, ოფისის მეპატრონემ კუთვნილი ფართის დაცლა მოითხოვა.

გაზეთის რედაქციას აღნიშული მოთხოვნის დამადასტურებელი ფარული ვიდეო მასალაც გააჩნია. 

მეპატრონემ  განმარტა, რადგან შენ მეცხრე არხს ჩაერთე, გაქანებული ოპოზციია ყოფილხარ,  ჩენს სახლში ვერ გაგაჩერებ, რადგან ჩემი სიძე "ნაციონალების" რეგიონული კოორდინატორიაო. მე ვასრულებდი ჩემს პროფესიულ მოვალეობას. ჩვენ ვცდილობთ შევინარჩუნოთ სიმშვიდე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბევრი სამუშაო გვაქვს. აუცილებლად შევიქმნით სამუშაო გარემოს," – ამბობს ია ბობოხიძე.

„ახალი გაზეთის“ რედაქცია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ის არ წარმოადგენს არცერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. გაზეთის რედაქცია იცავს საერთაშორისოდ აღიარებულ პროფესიულ სტანდარტებს და არის საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი.

ავტორი: ნიუპრესი