ქუთაისს ხელისუფლების ცვლილება არ დატყობია
ქუთაისის ადგლობრივ თვითმმართველობას ამ ეტაპზე ხელისუფლების
ცვლილება არ დატყობია. რადგან სამხარეო ადმინისტრაციაში,
ქალაქის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული
პირები ჩვეულ საქმიანობას აგრძელებენ.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ აქ
დასაქმებული ყველა პირი სამუშაო ადგილზე რჩება.
„ამ ეტაპზე სამხარეო ადმინისტრაციაში არავითარი ცვლილება
არ განიხილება,“ – აცხადებს იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის
უფროსი ზეინაბ ხაჩიძე.
ჩვეულ სამუშაო
რეჟიმში იმყოფებიან ქუთაისის საკრებულოშიც. როგორც საკრებულოს აპარატის უფროს ვანო
ჟორჟოლიანი ამბობს, საკრებულო განიხილავს მის კომპეტენციაში არსებულ
საკითხებს, იღებს და პასუხობს მოქალაქეთა მხრიდან შემოსულ წერილებს.
„ვთვლი, რომ ქვეყანამ ჩააბარა კიდევ ერთი ტესტი, რასაც
დემოკრატიის გამოცდა ჰქვია. ხალხის ნება არის უზენაესი და ჩვენ ვალდებული ვართ იმ პრინციპებს პატივი ვცეთ, რომელიც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაშია
გაცხადებული. ჩემი ოცნება იყო, რომ ჩვენს ქვეყანაში
არჩევნები ისე ჩატარებულიყო, რაიმე ექსესებს ადგილი არ ჰქონოდა. დამარცხებულს დამარცხება ეღიარებინა და გამარჯვებულისათვის ხელი ჩამოერთმია,
ხოლო გამარჯვებულს დამარცხებულისათვის არ დაეცინა. ამ კუთხით ქვეყანა წარსულში კი არ
დაბრუნდა, არამედ ეს მისთვის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია,“ – ამბობს ვანო ჟორჟოლიანი.
საკრებულოს მსგავსად, ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ ქალაქის
მერიაში. სადაც შვებულებაში გასულ პირთა ნაწილი უკვე გამოვიდა სამსახურში, ხოლო ნაწილს
შვებულების ვადა მომავალ კვირაში უმთავრდება.
„ჩვენ ზემდგომ ორგანოებს ვემორჩილებით. მათგან სამსახურის დატოვების შესახებ არავითარი მითითება
არ ყოფილა,“ – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
ცნობილია, რომ ქუთაისისგან განსხვავებით, სხვა რეგიონებსა და ქალაქებში
ოპოზიციაში გადასული ქვეყანაში მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს
პოზიციების დათმობა. მაგალითად, პოსტი დატოვა მცხეთა –მთიანეთის გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა, ხოლო
„ნაციონალების“ მაჟორიტარობის კანდიდატი ოზურგეთში რამაზ ნიკოლაიშვილი გურიიდან წავიდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე