|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ოცნების“ აქტივისტებს თავისუფლების სანაცვლოდ გირაო დააკისრეს

ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრალდებული „ქართული ოცნების“ აქტივისტები ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს თავისუფლების სანაცვლოდ სასამართლომ 2 000– 2 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე  სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებზე იმსჯელა. ბრალდებულების ერთ–ერთი ადვოკატი რეზო თოფურია მესხის, ამაშუკელისა და ამბროლაძის მიმართ წაყენებული ბრალდების გაუქმებასა და  სასამართლო დარბაზიდან მათ გათავისუფლებას ითხოვდა. ადვოკატის მტკიცებით, არჩევნები ქვეყანაში უკვე ჩატარდა და არ არსებობდა იმის  საფუძველი, რომ ეს ადამიანები ვინმეს მოსყიდვას შეძლებდნენ.

„ჩვენ საქმე გვაქვს არჩევნებამდე განხორციელებულ მოქმედებასთან, რომელიც არ შეიძლება სისხლის სამართლის დანაშული იყოს.  ბრალდების მხარემ იმით გაამართლა მათი დაკავება, რომ არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომლის მიხედვით, შესაძლებელი იყო ამ ადამიანებს მტკიცებულებები გაენადგურებინათ, ან მოწმეებზე ზეწოლა განეხორციელებინათ.  ასე რომ ყოფილიყო, ისინი თავისი ფეხით არ გამოცხადებოდნენ პოლიციაში ჩვენების მისაცემად.  იქედან გამომდინარე, რომ ქვეყანაში საპარალმენტო არჩევნები უკვე ჩატარდა და ამ არჩევნებში გაიმარჯვა იმ პოლიტიკურმა სუბიექტმა, რომლის სასარგებლოდ ამომრჩევლის მოსყიდვაში ამ ადამიანებს ბრალი დაედოთ, უნდა გაუქმდეს ბრალდების მხრიდან მათი მისამართით წაყენებული ბრალი, ხოლო ნინო ყურუასა და კობა ჯაბუას გირაოს სახით გადახდილი თანხა უკან დაუბრუნდეთ,“ – განაცხადა ადვოკატმა.

დაცვის მხარის შუამდგომლობას დაეთანხმა ბრალდების მხარეც. პროკურორ დავით ხარაიშვილის თქმით,  საარჩევნო პროცესი უკვე დასრულდა და აღნიშნული პირების სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობდა.

„ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ შესაძლებელია  აღნიშნული პირების მიმართ პატიმრობა 2000–ლარიანი გირაოთი შეიცვალოს. რადგან  საქმეზე კვლავ გრძელდება ძიება და დასაკითხი არიან მოწმეები. შეიძლება მათ ზეწოლა მოახდინონ მოწმეებზე,“ – განახცხადა ხარაიშვილმა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამართულ „ოცნების“ აქტივისტების პროცესს ამავე სასამართლოს თავმჯდომარე ლევან თევზაძე უძღვებოდა. როგორც მან აღნიშნა, „მე არ მახსოვს ესეთი პრეცენდენტი, რომ საქმის განხილვა ასე გაჭიანურებულიყოს. ქუთაისის საქალაქო სასამართლო პირველი იქნება, რომელიც  ბრალდებას კონკრეტულ ვადებს დაუდგენს მტკიცებულებების წარმოსადგენად. თუ ამ ვადაში არ მოხდება მტკიცებულებების წარმოდგენა, ეს იმას ნიშნავს, რომ ბრალდების მხარეს მტკიცებულებები არ აქვს,“ –აღნიშნა მოსამართლემ.

პატიმრობიდან გათავისუფლებული „ოცნების“ აქტივისტები აცხადებდნენ, რომ დღეს სამართლიანობა  აღსდგა.

„ეს არის ის სამართლიანობა, რასაც ბიძინა ივანიშვილ იდა „ქართული ოცნება“ ჰპირდეობდა ქართველ ხალხს,“ – განაცხადა ერთ–ერთმა ბრლდებულმა მიხეილ ამაშუკელმა. 

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლის მოსყიდვაში ბრლდებულ მიხეილ მესხს, მიხეილ ამაშუკელსა და გაგა ამბროლაძეს გამოძიებამ ბრალი მიმდინარე წლის 7 ივნიის წაუყენა. მათ ქუთაისის #2 ციხეში 4 თვე გაატარეს.

რაც შეეხება ამავე მუხლით ბრალდებულებს –კობა ჯაბუასა და ნინო ყურუას, მათ სასამართლომ 3 000 –3 000 ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა.  მათი დაცვის მხარე დღეს აღნიშნული პირებისათვის გირაოს უკან დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე