|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერი "ნაციონალების" სიიდან ჩხუბის ფონზე აირჩიეს

ქუთაისს ახალი მერი ჰყავს.  აღნიშნულ პოსტზე ქალაქის საკრებულომ დღეს, დაჩქარებული წესით საკრებულოს უმრავლესობის წევრი ბესიკ ბრეგაძე დაამტკიცა.

საკრებულოს მიერ მერის დაჩქარებული წესით  არჩევის მიზეზით უმრავლესობასა და უმცირესობას შორის დაწყებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ფიზიკურ შეხლა–შემოხლამდე მივიდა.

საკრებულოს მიერ ახალი მერის დამტკიცების წინააღმდეგი იყო  საკრებულოს უმცირესობის წარმომადგენელი, „მემარჯვენე“ მამუკა მღვდელაძე.  მისი თქმით, საკრებულოს ეს გადაწყვეტილება ჩიხში შეიყვანდა ქალაქს, რადგან ახალი მერი ახალ ხელისუფლებასთან ეფექტურად ვერ ითანამშრომლებდა.

„ამ დარბაზში გეყოთ ვიღაცას პრინციპულობა. ჯერ კიდევ მოქმედებს აქ შიშის მექანიზმი. ალბათ ხვალ ვინც შეგაშინებთ, თქვენც იმის ერთგული იქნებით,“ – განაცხადა მღვდელაძემ.

მამუკა მღვდელაძის ამ რეპლიკამ  მისი ოპონენტის,  უმრავლესობიდან საკრებულოს დეპუტატის გია უკლებას გაბრაზება გამოიწვია, რომელმაც რეპლიკის ავტორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გინებაზე გადავიდა.

აღნიშნულის გამო მღვდელაძემ და უკლებამ ერთმანეთის ცემა დააპირეს, თუმცა  ისინი საკრებულოს დანარჩენმა წევრებმა შეაჩერეს. მღვდელაძემ გია უკლებას ქმედება უზრდელობის დემონსტრირებად და აგონიაში ჩავარდნილი „ნაციონალების“  საქციელად მონათლა, ხოლო თავად უკლებას თქმით, მღვდელაძე საკრებულოს სხდომის ჩაშალს ცდილობდა, რისი უფლებაც მას არ მისცა.  

საბოლოდ, ურთიერთდაპირისპირების ფონზე, საკრებულოს უმრავლესობამ მერის პოსტზე ბესო ბრეგაძე აირჩია. საკრებულოს თავმჯდომარის ამირან ხვადაგიანის განცხადებით, ბრეგაძე გამოცდილი ფინანსისტია და კერძო სექტორში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნია. უმრავლესობის განცხადებით, ბრეგაძე ღირსეულად გაუძღვება ქალაქის მართვას.  

თავად ახალი მერის თქმით, „მძიმე მისია  დამაკისრა საკრებულომ. ეს მისია  არის შესასრულებელი. ქალაქის წინსვლისა და კეთილდღეობისათვის ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მე თავს ვთვლი ჯარისკაცად ქუთაისის აღმშენებლობის საქმეში“– განაცხადა ბესო ბრეგაძემ.

ბესიკ ბრეგაძე ამ დრომდე საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატი იყო „ნაციონალური მოძრაობიდან“. ის საკრებულოში 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მოხვდა, როგორც საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი.

მანამდე ბესო ბრეგაძეს ქუთაისის მერიაში ვიცე–მერის პოსტი ეჭირა. ის, ასევე, ხელმძღვანელობდა სამშენებლო კომპანია „კომფორტს“, რომელიც ქუთაისის ყოფილი მერის გიორგი თევდორაძის საკუთრებად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ყოფილმა მერმა გია თევდორაძემ მერის პოსტი მიმდინარე წლის 16 აგვსიტოს, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა. ამ დრომდე მერის მოვალეობას ვიცე მერი ირაკლი ჯიქია ასრულებდა.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე