|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გარემოვაჭრეებსა და მოვაჭრებს შორის დაპირისპირება განახლდა

ამ წუთებში ქუთაისის მერიის წინ გარემოვაჭრეების აქცია მიმდინარეობს. გარემოვაჭრეები, რომელთაც ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „გრანდმოლში“ დასაქმებულებმა ვაჭრობა აუკრძალეს, ქალაქის მერთან, ბესო ბრეგვაძესთან შეხვედრას ითხოვენ.

გარემოვაჭრეების განმარტებით, ისინი ქალაქის მერიას ვაჭრობის ნებართვას მიმდინარე წლის  ბოლომდე სთხოვენ. მათი თქმით, თითოეულ მათგანს ბანკიდან კრედიტი აქვს აღებული. იმ შემთხვევაში თუ მერია მათ გარევაჭრობის ნებართვას არ დართავს, მოვაჭრეები ჩვეულ  საქმიანობას მაინც გააგრძელებენ.

„გრანდმოლის“ თანამშრომლებმა საჩივარი დაწერეს და ჩვენი მოვაჭრე სცემეს. პოლიცია  დაგვდევს და დედას გვაგინებს. რა ვქნათ, ოჯახები გვყავს სარჩენი და ვალებიც უნდა გავისტუმროთ. სავაჭრო ცენტრში შესვლა ჩვენ არ შეგვიძლია, რადგან იქ მაღალი ფასებია. ამიტომ, გარეთ ვაჭრობა მისაღებია. იქნებ დეკემბრის ბოლომდე მოგვცენ დრო ან ჭავჭავაძის გამზირზე გამოგვიყონ ადგილი, დააწესონ გადასახადი 3 ლარის ოდენობით და იქ დავჯდებით,“ – ამბობს ერთ–ერთი გარემოვაჭრე ნონა დანგაძე.

მერიის წინ შეკრებილ გარემოვაჭრეებს ქალაქის მერის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ვასილ მებურიშვილი შეხვდა. მისი თქმით, ქუთაისში გარევაჭრობა აკრძალულია. მებურიშვილმა აქვე ისიც განმარტა, რომ  ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან გარემოვაჭრეების მისამართით  დღეს რაიმე განსაკუთრებული ღონისძიება არ გატარებულა. „ამ ადამიანებმა თვითნებურად გადაკეტეს ტერიტორია და სხვადასხვა სავაჭრო ადგილი დაიკავეს. იქიდან გამომდინარე, რომ გარემოვაჭრეები ჩვენი თანაქალაქელები არიან,   ადგილობრივი თვითმმართველობა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ე.წ. „კეჩის ბაზრობის“  დირექციას შეხვდება და გარკვევს, რა პირობების შეთავაზება შეუძლიათ მათ გარემოვაჭრეებისათვის,“ – ამბობს ვასილ მებურიშვილი.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე