უმცირესობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებას უმრავლესობის შიშს უკავშირებს
საპარლამენტო უმრავლესობა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაზე
მუშაობს. ცვლილების მიხედვით, გამოთავისუფლებულ
მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების ჩატარება წელიწადში ორჯერ -ოქტომბერსა
და აპრილში იქნება შესაძლებელი. ამ დროისათვის კი კანონი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას
წელიწადში ერთხელ
- ოქტომბერში იძლევა.
კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორის, ზაქარია ქუცნაშვილის
თქმით, საუბარია საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომელიც
არჩევნების ჩატარების თარიღს განსაზღვრავს. როგორც ქუცნაშვილი ამბობს, კანონპროექტის
მიზანი ის არის, რომ ამომრჩეველი დიდი ხნის განმავლობაში წარმომადგენლის გარეშე არ
დარჩეს.
საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების ორჯერ ჩატარება ბიუჯეტისათვის ახალი ხარჯი არის. ამიტომ ისინი უმრავლესობის წევრებს საკითხის პლენარულ
სესიაზე გატანამდე გათვლების დაზუსტებას ურჩევენ.
უმცირესობის წარმომადგენლის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით,
უმრავლესობის ინიციატივას ის ფაქტი განაპირობებს, რომ მათ აპრილში არჩევნებში გამარჯვების
მეტი შანსი აქვთ, ხოლო ოქტომბერში დამარცხების ეშინიათ. როგორც თაქთაქიშვილმა განაცხადა,
არჩევნების თარიღის ცვლილებით უმრავლესობა პოლიტიკური სარგებლის მიღებას ცდილობს.
„როდესაც კონსტიტუციით არის განსაზღვრული არჩევნების
თარიღი, ამ კანონის დღეს მიღება იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს არჩევნებში
მონაწილეობა, ხომ არ არის ეს გადაწყვეტილი პოლიტიკური მოტივით? ხომ არ არის შიში, რომ თქვენ აპრილში გაიმარჯვებთ
და ოქტომბერში დამარცხდებით?“, - განაცხდა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მის ამ რეპლიკას ადამიანის
უფლება დაცვისა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე კობა დავითაშვილის მრიდან ხმამაღალი სიცილი მოჰყვა, რაზეც უმცირესობა გაბრაზდა, ხოლო ეკა ბესელიამ დავითაშვილს შენიშვნა მისცა და უთხრა, რომ ხმადაბლა
გაეცინა.
„არ უნდა გჭირდებოდეთ მითითებები კომიტეტის წევრების
მხრიდან, როდესაც არის შეურაცხყოფა თქვენი კომიტეტის წევრის მიმართ,“ - მიმართა ბესელიას
თაქთაქიშვილმა. თავის მხრივ, რეპლიკის უფლებით ბესელიამაც ისარგებლა.
„სიცილს ვერავის ავუკრძალავ. სარგებელი თუ ვინმემ უნდა
მიიღოს, ეს არის ამომრჩეველი. ჩვენ ვაკეთებთ
აქცენტს ამომრჩველზე, რომელიც არ უნდა დარჩეს დიდი ხნის განმავლობაში თავისი დეპუტატის
გარეშე. გარდა ამისა, მარტო „ქართული ოცნება“ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას,“ -
განაცხადა ბესელიამ.
კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილებების
შეტანას ითვალისწინებს, დეპუტატები მომავალ კვირაში გამართულ სესიაზე უყრიან კენჭს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე