|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ორი კვირის განმავლობაში ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება

10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით ქუთაისის აეროპორტში ფრენები ვერ შესრულდება, -  ინფორმაციას  საქართველოს აეროპორტების გაერთიანება  ავრცელებს.

ამ პერიოდში აეროპორტში  ასაფრენი-დასაფრენი ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდება.  

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის თამარ არჩუაძის განცხადებით, დაგეგმილია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის 2.5 კმ-იანი ასაფრენი ზოლის სრული გეგმური რეაბილიტაცია. ის ავიაკომპანიები კი, რომლებიც ქუთაისის აეროპორტში ოპერირებენ, თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, რეაბილიტაციის პერიოდში საქართველოს სხვა აეროპორტებში განაგრძონ ფრენები თუ, ორი კვირის განმავლობაში სრულად შეაჩერონ.

„როგორც მთელ მსოფლიოში, უსაფრთხოების მიზნით, საქართველოშიც ოპერატორი კომპანიები აეროპორტების ასაფრენი-დასაფრენი ზოლის პერმანენტულ მონიტორინგს ვახორციელებთ. ფრენების უსაფრთხოების მიზნით, მუდმივად ხდება ასაფრენი ზოლის ვარგისობის შემოწმება და მის შენარჩუნებაზე ზრუნვა. ქუთაისის აეროპორტის სააეროდრომო ნაწილის რეაბილიტაციისას სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება ასაფრენი-დასაფრენი ზოლის საძირკვლის ცალკეულ ნაწილს, რისთვისაც საჭირო გახდება აეროპორტის დროებით დახურვა. მიმდინარე სარემონტო სამუშაოები წლიური გეგმის მიხედვით განხორციელდება, რაც აეროპორტის გამართული ოპერირების შემადგენელი ნაწილია“, – აცხადებს თამარ არჩუაძე.

ქუთაისის აეროპორტის გეგმურ სააეროდრომო რეაბილიტაციასთან დაკავშირებით აეროპორტების გაერთიანებამ 8 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. რეაბილიტაცია სრულად კომპანიის შემოსავლებით განხორციელდება.

ავტორი: ნიუპრესი