ოთარ დანელია იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს შეხვდა
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ჰააგაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი იუნესკოს წყლის ინსტიტუტის რექტორს, ფრიც ჰოლცვარტს, პროფესორებს ლასლო ჰაიდისს და შარლოტ ფრეტურს შეხვდა.
იუნესკოს წყლის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ყურადღება საქართველოში მელიორაციის კუთხით მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების შედეგად, საქართველოში გასარწყავიანებული ფართობები გაორმაგდა.
შეხვედრაზე მხარეებმა წყლის ინსტიტუტის საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამები, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მიწების, ირიგაციის, დრენაჟის, ასევე, კლიმატგონივრული სისტემების დანერგვის მიმართულებები და ამ პროგრამებში ქართველი მკვლევარებისა და სტუდენტების ჩართვის შესაძლებლობები განიხილეს. შეხვედრაზე წყლის ინსტიტუტის რექტორმა აღინიშნა, რომ ექვსმა ქართველმა სტუდენტმა წარმატებით დაამთავრა იუნესკოს წყლის ინსტიტუტი და რომ ინსტიტუტი მზადაა ქართველ სტუდენტებს კვლავ მისცეს საშუალება მიიღონ სტიპენდია და გაიარონ მათთვის სასურველი სამაგისტრო და სადოქტორო სასწავლო პროგრამები.
იუნესკოს წყლის ინსტიტუტში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე სურგულაძე ესწრებოდნენ.
ავტორი: