|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა "მაუწყებლობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტო  დაძლია.

დეპუტატები "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტის პლენარულ სესიაზე 5 საათის განმავლობაში განიხილავდნენ.

მარგველაშვილის მოტივირებული შენიშვნები პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა წარადგინა. ნაცვლიშვილის თქმით, არსებული ცვლილებები კერძო ტელეკომპანიების არსებობასა და განვითარებას ხელს უშლის. ნაცვლიშვილმა დასძინა, რომ საფრთხე ასევე მედია პლურალიზმს შეექმნება.

თავის მხრივ, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ "მაუწყებლების შესახებ" კანონპროექტი მაუწყებლის განვითარებას ისახავს მიზნად. "მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიზანია, არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, რასაც ნულოვან რეიტინგში და ნულოვან სოციალურ გავლენაში ვიხდით,"-განაცხადა კობახიძემ. 

 კენჭისყრის პროცედურის შედეგად პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია.

ავტორი: ნიუპრესი