"პარლამენტს ვერ გადაიტანთ, რადგან ძალიან მალე თქვენ ხელისუფლებაში აღარ იქნებით" [VIDEO]
"პარლამენტს ვერ გადაიტანთ, რადგან ძალიან მალე თქვენ ხელისუფლებაში აღარ იქნებით", - აცხადებენ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები.
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისში პარლამენტის შენობის წინ მხარდამჭერებთან ერთად ბრიფინგი გამართა. მათ პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხთან დაკავშირებით რეგლამენტში შესული ცვლილება გააპროტესტეს.
გრიგოლ ვაშაძის თქმით, არ დაუშვებენ პარლამენტის გადატანა, რადგან ამ არჩევნებით დაიწყება "ქართული ოცნების" მმართველობის დასასრული.
"დღეს გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი იდგეს ამ შენობის წინ, რომელიც თანამედროვე ქართული სახელმწიფოს სიმბოლო გახდა და ეს შენობა გახდება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი სიცრუის და ქუთაისელებისადმი ზიზღის სიმბოლო. პარლამენტის ადგილი არის ქუთაისი. ახლა რეგლამენტში შეაქვთ ცვლილება გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს. ცდილობენ, ქუთაისს წაართვან სოციალური სტატუსი და როლი, რომელიც მას ისტორიულად ეკუთვნის. არავითარ შემთხვევაში ამას არ დავუშვებთ. გგონიათ, რეგლამენტში ცვლილების შეტანით გადაიტანთ? ვერ გადაიტანთ, იმიტომ რომ თქვენ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნებით. ამის გარანტი ქუთაისელები არიან. თქვენ ისტორიულ დედაქალაქს ექცევით ისე, როგორც პროვინციულ პატარა ქალაქს",-განაცხადა ვაშაძემ.
პარლამენტის გადატანას ეწინააღმდეგება "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია. მისი თქმით, პარლამენტის ადგილმდებარეობად გასაზღვრულია ქუთაისი და ის დარჩება ქუთაისში.
"ჩვენ არ დავუშვებთ პარლამენტის გადატანას, ამის გარანტიას ვიძლევით, გაგრძელდება აქციები და არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვების შემდეგ დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები"-განაცხადა გიგა შუშანიამ.
გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ პარლამენტის დარჩენის მოთხოვნით აქციები გაგრძელდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი