|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა

ფოთის მედიაცენტრის ორგანიზებით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ქალ კანდიდატებთან შეხვედრა გაიმართა. მედიაცენტრის დირექტორმა ინგა გვასალიამ  პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ამომრჩეველ ქალთა საჭიროებებზე  ისაუბრა.

 მერობისა და მაჟორიტარობის კანდიდატებმა  ქალ ამომრჩევლების გააქტიურებაზე და გამარჯვების შემთხვევაში მათი საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზე იმსჯელეს.  
მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მაკა ჯინჯოლია თვლის, რომ „ძალზე კარგია, როცა ბოლო დროს ქალების პოლიტიკაში მოსვლას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. მიმაჩნია, რომ ქალი არის უფრო მეტად დიპლომატიური, უფრო მეტად აღწევს კონსენსუსს, ნაკლებად აგრესიულია პოლიტიკური ოპონენტის მიმარტ და რაც  მთავარია, უფრო მეტად ესმის ამომრჩევლის და ასრულებს კიდეც დანაპპირებს.“

პოლიტიკაში ქალების გააქტიურებას მიესალმება „დემოკრატიული მოძრაობა — თავისუფალი საქართველოს“ პროპორციული სიის N6 კანდიდატი სვეტლანა ზარანდია: „კარგია, როცა წინა პლანზეა წამოწეული ქალის პოლიტიკაში მოსვლა. გაიხსენეთ ვაჟა ფსაველას წერილი, რას ამბობდა ის ქალების აქტიურ როლზე... ქვეყნის განვიტარებისთვის საჭიროა პოლიტიკაში მოვიდნენ ჭკვიანი ქალები. არის საქმეები, რომელსაც ქალის ხელი და ხმა სჭირდება, ამიტომა, მივესალმები მეტი ქალის მოსვლას პოლიტიკაში.“

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“  მერობის კანდიდატი მაია ჩხარტიშვილმა ისაუბრა ადგილობრივი ბიუჯეტის სწორ დაგეგმარებაზე, მისი აზრით, წინა ხელისუფლების დროს ბიუჯეტი არ იყო სწორად დაგეგმილი, რაც პრობლემებს იწვევდა.

„აუცილებელია, მოხდეს პროგრამებში დიფერენცირება. ანუ, უნდა განისაზღვროს ვის ვეხმარებით, ვის უფრო სჭირდება დახმარება... გაგიკვირდებათ და შეძლებული ფოტელები იტხოვენ დახმარებას, წამლის ფულსაც კი, არადა იმდენი გაჭირვებულია... აი, ახლა დიდი ომების გადახდა მიწევს, რომ 70-ლარიანი დახმარება მიიროს 1 ჯგუფის ინვალიდმა სოციალურად დაუცველმა პირმა...“

 შეხვედრის მონაწილეებმა  ისაუბრეს ქალების მეტად გააქტიურებაზე, როგორც პოლიტიკაში, ასევე, ამომრჩეველი ქალების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართულობის მნიშვნელობაზე. საუბარი იყო ქალი ამომრჩევლების გააქტიურებაზე და   მათი საჭიროებების ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებაზეც.

დისკუსია პროექტის „დაუჭირე მხარი ქალთა პოლიტიკურ გაძლიერებას!“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

 
 

 

ავტორი: ნიუპრესი