"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის
ქუთაისის მერიასა და კაფე "ფლამინგოს" შორის დავა ქალაქის სასამართლოში მეორე წელია, გრძელდება. თამარ მეფის ქუჩაზე არსებული კვების ობიექტის მფლობელი, რომელსაც ტერიტორიის ფლობის ვადა ამოეწურა, ადგილის დატოვებას არ აპირებს და ხელშეკრულების გაგრძელებას ითხოვს.
ქუთაისის მერი იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც ვერ ხერხდება "ფლამინგოსათვის" ხელშეკრულების გაგრძელება.
"მეორე წელია, მიმდინარეობს დავა. "ფლამინგო" ითხოვს ნებართვის გაგრძელებას, ამასთან ერთად კინო "საქართველოს" ახალი მფლობელი, რომელმაც 10 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, მოითხოვს პარკირების ადგილის გადაცემას. წინააღმდეგ შემთხვევაში არ ჩქარობს კინოს გახსნას. როგორ მოვიქცეთ, გავაგრძელოთ დავა და დავაზარალოთ ქალაქი, რომელიც კინოს მოლოდინშია?",-აცხადებს შოთა მურღულია.
მერმა ასევე განმარტა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად, "ფლამინგოს" ხელმძღვანელობას შესთავაზეს ალტერნატიული ფართის მოძებნა, რომლის გადაცემა არსებული წესის დაცვით, სასყიდლის სანაცვლოდ მოხდება.
საკითხი ქალაქის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. მერიის პოზიცია დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა დეპუტატმა ნატო ქათამაძემ გააპროტესტა და "ფლამონგოსათვის" ადგილის ჩამორთმევა მოითხოვა. დეპუტატის შენიშვნა განსაკუთრებით იმ ფაქტმა დაიმსახურა, რომ კაფე- ბარისათვის ახალი ადგილი მის სამაჟორიტარო ოლქის ტერიტორიაზე შეირჩა.
"ბუხაიძის ქუჩაზე 310 კვ. მეტრი რატომ უნდა გადასცეთ ბიზნესმენს, რომლის ხელშეკრულებასაც გასული აქვს ვადა. კეთილი ინებეთ და მოთხოვეთ ტერიტორიის დატოვება. თქვენ, როგორ ბედავთ, რომ სკვერს ასხვისებთ და მოსახლეობას დასასვენებელ ადგილს უკარგავთ", -განაცხადა ნატო ქათამაძემ.
საკრებულოს დეპუტატს კახა დვალიშვილს კი შენიშვნა კინო "საქართველოს" ხელმძღვანელთან, თენგიზ აბესაძესთან აქვს. მისი თქმით, ქალაქმა ბევრი რამ გაუკეთა აბესაძეს და მას არ აქვს ულტიმატუმებით საუბრის უფლება.
"კეთილი ინებოს და და გასხნას კინო. ქალაქმა ბევრი რამ გაუკეთა მას და არ აქვს ულტიმატუმებით საუბრის უფლება. რაც შეეხება "ფლამინგოსათვის" შერჩეულ ადგილს, არ ვეთანხმები გაცვლას, მით უფრო თუ ეს არის სკვერი", -განაცხადა დვალიშვილმა.
დეპუტატების მოთხოვნას არ იზიარებს შოთა მურღულია. მერის განმარტებით, მერიამ, შესაძლოა, ბიზნესმენს დავა მოუგოს, მაგრამ ამას წლები დასჭირდება.
"ჩვენ რომ ვიდაოთ, შეიძლება მოვიგოთ, მაგრამ ამას წლები ჭირდება. ამის გამო დაზარალდება ქალაქი. ამასთან, მგონი, ადამიანს, რომელმაც 10 მილიონზე მეტი ინვესტიცია განახორციელა, აქვს უფლება მის ობიექტთან პარკირების ადგილი მოითხოვს. ასევე გვაქვს უფლება "ფლამინგოს" ხელმძღვანელობას მოვთხოვოთ ადგილის დაცლა, რადგან ხელშეკრულების ვადა გასულია, მაგრამ რა გამოვა, დავაზარალებთ ბიზნესს, რომელიც მუშაობს წლების განმავლობაში, დასაქმებული ყავს ადამიანები და ასე ვერ მოვექცევით. ამიტომ შევთავაზეთ ალტერნატიული ადგილი, სადაც იგივე კონსტრუქციის შენობას ააგებს. ეს რატომ არის პრობლემა, არ მესმის. ასევე არასწორია, რომ თითქოს სკვერს ვთავაზობთ. ეს არის მოხრეშილი ადგილი ავტომობილებისათვის, მას სკვერის სტატუსი წინა ხელისუფლების დროს მიენიჭა, რომ ადვილად მომხდარიყო გასხვისება, მათთვის ეს მიღებული წესი იყო", -განაცხადა მურღულიამ.
შოთა მურღულიამ, ასევე განმარტა, რომ მომავლ წელს თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია მოხდება, განახლებულ ქუჩაზე კი "ფლამინგოს" კონსტრუქცია მიუღებელი იქნება.
ადგილმონაცვლეობაზე თანახმა არ არის "ფლამინგოს" ხელმძღვანელი კახა მეფარიშვილი. როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განმარტა, არ აქვს გადასვლის სურვილი, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა აიძულებს.
"არ მაქვს სურვილი, ადგილი შევიცვალო, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს. რა მინდა გარეუბანში, როდესაც ცენტრში მაქვს ადგილი. სასამართლოში დავა იმიტომ მაქვს, რომ მოვითხოვ დამტოვონ ჩემს ადგილზე", -განაცხადა მეფარიშვილმა.
ობიექტისათვის ადგილის შეცვლის შესახებ წარდგენილ წინადადებას საკრებულოს უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. წინააღმდეგი იყო ნატო ქათამაძე, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილის შეცვლის შემთხვევაში აუცილებლად მოხდება საკითხის სასამართლოში გასაჩივრება.
"ფლამინგო" თამარ მეფის ქუჩაზე 2004 წლიდან ფუნქციონირებს. მას ამ ტერიტორიაზე საქმიანობის უფლება 2013 წელს ამოეწურა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი