|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

იმერეთის გუბერნატორის მოადგილე გიორგი ჭიღვარია ადასტურებს, რომ  ის "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად   დაინიშნა. 

"ეს საქმე ცენტრალურმა ოფისმა დროებით მე დამავალა, კონფერენციამდე" ,- განუცხადა მან ნიუპრესს.  კითხვაზე, თუ როდის გაიმართება კონფერენცია,  ჭიღვარია აღნიშნავს, რომ  ზუსტი დრო ჯერჯერობით დადგენილი არ არის, სავარაუდოდ, მომდევნო თვეში ჩატარდება.

როგორც წესი, პარტიის კონფერენციაზე დასახელებული კანდიდატების ხმათა უმრავლესობით არჩევა ხდება. 

ამ დრომდე "ქართული ოცნების" ქუთაისის რეგიონალურ ორგანიზაციას  მანანა მიქაძე  ხელმძღვანელობდა. ის თანამდებობის დატოვების სურვილს თავად გამოთქვამდა.

რაც შეეხება ახალ ხელმძღვანელს, გიორგი ჭიღვარია სამართალმცოდნეა, ასევე აღმოსავლეთმცოდნე, კერძოდ, თურქოლოგი. ამ მიმართულებით აქვს სამეცნიერო ნაშრომები.  არის  წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებრივ მეცნიერებათა  ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 2014 წელს ქუთაისის მერის მრჩევლად დაინიშნა, საიდანაც მხარის გუბერნატორის მოადგილედ გადაინაცვლა. რაც შეეხება პარტიული საქმიანობის გამოცდილებას, როგორც ცნობილია, ჭიღვარიას ასეთი გამოცდილება არ აქვს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი