ქუთაისის ნიკეა–ავანგარდის დამაკავშირებელი გზის ბუნდოვანი პერსპექტივა [PHOTO]
ქუთაისში, ნიკეა-თაბუკაშვილი-ავანგარდის დამაკავშირებელი შემოვლითი გზა ამ დრომდე დაუსრულებელია. გზაზე მუშაობა 2017 წელს დაიწყო და რამდენიმე თვეში შეწყდა. მოსახლეობა შეჩერებული პროექტის გამო ხელისუფლებას ადანაშაულებს, მერია კი სასამართლო დავისთვის ემზადება.
გზის მონაკვეთზე სამუშაოებისთვის ტენდერი (SPA170006587) 2017 წლის მაისში გამოცხადა და სამუშაოებიც დაიწყო, თუმცა მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
ტენდერში 7 კომპანია მონაწილეობდა. ამხანაგობამ "მშენებელი" 2 816 448 ლარიან ტენდერში მონაწილეობა 2 253 159 ლარად მიიღო და ბოლო შეთავაზებით, 1 799 999 ლარად, თითქმის მილიონით ნაკლები თანხით გაიმარჯვა.
გამარჯვებულს სამუშაოები ერთ წელიწადში უნდა დაესრულებინა, თუმცა ერთ თვეში უკვე გამოჩნდა ხარვეზები. კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პროექტი არ იყო სწორად შედგენილი, მაგრამ ბრალდებას მერიაში იმთავითვე არ იზიარებდენ. რამდენიმე თვეში კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები არ განახორციელა, რის გამოც 2018 წლის 1 ივლისიდან მერიამ მასთან ხელშეკრულება გაწყვიტა და პირობების დარღვევის გამო პირგასმატეხლო დააკისრა.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის განცხადებით, ამხანაგობამ ვალდებულები არ შეასრულა, რის გამოც ხელშეკრულება შეჩერდა და თითქმის 2 მილიონამდე ჯარიმა დაეკისრა.
მხარეთა შეთანხმების 13.2 პუნქტით, განსაზღვრულია პირგასამტეხლო 144 000 ლარი. ასევე დაეკისრა ავანსის დაბრუნება 316 085 ლარი, მხარეთა შეთანხმების პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 54 000 ლარი და მხარეთა შეთანხმების 14.7 პუნქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო 1 440 000 ლარი.
კომპანიას დაკისრებული თანხა ჯამში, 1 954 085 ლარი, 5 დღეში უნდა გადაეხადა.
(გზის მონაკვეთი თაბუკაშვილის მიმდებარედ )
კომპანიას ჯარიმა ამ დრომდე არ გადაუხდია. 2018 წლის 1 ივლისს დაჯარიმებული კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოს სარჩელზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. მერიაში განმარტავენ, რომ სარჩელზე მუშაობას მოკლე ხანში დაიწყებენ.
გადაიხდის თუ არა კომპანია თითქმის ორ მილიონ ლარს, უცნობია. არსებობს მაგალითები, როდესაც დიდი ჯარიმის დროს კომპანია თავს გაკოტრებულად აცხადებს და ჯარიმის გადახდას თავს ამ გზით არიდებს. როგორც ხშირად ხდება, გაკოტრებული კომპანიის მფლობელები ახალ კომპანიას აარსებენ და "სუფთა წარსულით" ახალ ტენდერებში ერთვებიან.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის ინფორმაციით, მერიის და საგზაო დეპარტამენტს შორის შედგა შეთანხმება და პროექტი დასასრულებლად საგზაო დეპარტამენტს გადაეცა. სამუშაოები რა ფორმით განხორციელდება და რა ვადებში დასრულდება, ხიდაშელი ამ დეტალებზე არ საუბრობს.
საგზაო დეპარტამენტში ამ დროისთვის პროექტის გადაბარებას არ ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ამ ეტაპზე გადაწყვეტილია არაფერია.
"პროექტი ამ დროისთვის გადმოცემული არაა. მხოლოდ სიტყვიერად იყო საუბარი. ველოდებით მთავრობის განკარგულებას, სადაც უნდა გაადწყდეს დაგვევალება თუ არა ამ გზის მშენებლობა", – აცხადებენ საგზაო დეპარტამენტში.
ამხანაგობა „მშენებელი“ თბილისში არის რეგისტრირებული. რატომ ვერ დასრულდა სამუშაოები და რას აპირებს კომპანია ჯარიმასთან დაკავშირებით, ამ კითხვებზე საპასუხოდ ამხანაგობის წარმომადგენლებთან დაკავშირება ვერ ხერხდება, რადგან მითითებული სატელეფონო ნომრები გათიშულია.
(გზის მონაკვეთი ავანგარდის დასახლებასთან)
სატენდერო მონაცემებით, ამხანაგობა "მშენებელს" არც თუ სახარბიელი ისტორია აქვს. ის ხაშურში, ონსა და სხვა მუნიციპალიტეტებში არასათანადოდ შესრულებული სამუშაოების გამო 2018 წლის დასაწყისში შავ სიაშიც მოხვდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ წარმატებით მოიგო ტენდერი. სავარაუდოდ, მოგების მთავარი მიზეზი მითითებული თანხა გახდა, ამხანაგობამ ყველა კომპანიაზე ნაკლები თანხით გაიმარჯვა.
ნიკეას ქუჩისა (კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით) და სულხან-საბა ორბელიანის გამზირის შემაერთებელი გზის მშენებლობა ერთის მხრივ შეამცირდება უბნებს შორის დაკავშირებისთვის საჭირო დროს, მეორეს მხრივ, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობას განმუხტავდა.
ადგილობრივების განცხადებით, პროექტი მათთვის მნიშვნელოვანი იყო და დაუსრულებლობის გამო ხელისუფლებას ადანაშაულებენ. ამ დროისთვის გზის მონაკვეთზე გადაადგილება გართულებულია.
საკითხი მერის მრჩეველთა საბჭოს ბოლოს სხოდმაზე დღის წესრიგშიც მოხვდა, თუმცა სხდომას განმცხადებელი არ ესწრებოდა, რის გამოც განხილვა გადაიდო.
(მონაკვეთი ნიკეას დასახლებასთან)
როდის დასრულდება ნიკეა-ავანგარდის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია?
ნიკეასა და ავანგარდის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი