ქუთაისი, შესაძლოა, მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში მოხვდეს
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ახალ პროექტზე მუშაობს, რომელიც ქუთაისს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ახალი სტატუსით მოხვედრის შანსს უჩენს. მსოფლიო მემკვიდრეობის დაცვის კონვენციის შესრულების ინსტრუქციის მიხედვით, კულტურული ლანდშაფტები — ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტები, რომლებიც ადამიანისა და ბუნების ერთობლივ ქმნილებას წარმოადგენს. ის აჩვენებს ადამიანების თანასაზოგადოების და დასახლებების ევოლუციას, ამ კრიტერიუმს კი ქუთაისი, ერთ-ერთი ძველი ქალაქი, თავისი ისტორიით ნამდვილად აკმაყოფილებს.
ქუთაისი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: კუტაისი, კუტაია, კუტაიონი, კუტა, კოტაიონი, კოიატონ, ქუთათისი, ქუთაისი. მკვლევართა ნაწილის აზრით, სახელწოდება ქუთაისი შეიძლება წარმოშობილი იყოს საკუთარი სახელიდან, ქუთათი-საგან.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ სამუშაოების პირველი ეტაპი, წელს დაიწყო და რამდენიმე ეტაპად არის გაწერილი. პირველი ეტაპი კი დაზვერვით სამუშაოებს ითვალისწინებს.
„წელს დავიწყეთ დაზვერვითი სამუშაოები, გადამოწმება იმ ინფორმაციების, რაც ზოგადად ქუთაისის არქეოლოგიას ჰქონდა გასული საუკუნის ბოლო წლებში. ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასშტაბები იზრდება. თუკი ზაფხულის პერიოდში გათხრები 2 კონკრეტულ ადგილზე მიმდინარეობდა, უკვე სამ ადგილზეა საუბარი. იმისათვის რომ ქუთაისი წარმოჩინდეს როგორც ერთ-ერთი უძველესი ქალაქი მსოფლიოში, ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა მასშტაბებთან გვაქვს საქმე, რა ქრონოლოგიაა არქეოლოგიის თვალსაზრისით, რომ სამომავლოდ განვსაზღვროთ რა პერსპექტივა იქნება. უმნიშვნელოვანესია, რომ ქუთაისი, როგორც ერთ-ერთი მსოფლიო უძველესი ქალაქი ნომინირებული იყოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში. ამისთვის საჭიროა დეტალური შესწავლა, როგორც არქეოლოგიის, ასევე მისი ლანდშაფტური კვლევის და კიდევ ბევრი რამ. არქეოლოგიის პარალელურად აუცილებლად ვიწყებთ ლანდშაფტურ კვლევას, რომელიც მის ისტორიულ ნაწილს წარმოაჩენს იმ კუთხით, რომ ეთანაბრებოდეს მსოფლიო მემკვიდრეობის კრიტერიუმებს“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ძირითადი არქეოლოგიური სამუშაოები ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში - ე.წ „გაბაშვილის პარკში“, „დათეშვილების გორასა“ და მათ მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ემიჯნება ნამოსახლარი „გაბაშვილის პარკი“ და „დატეშვილების გორა“. მასზე არქეოლოგიური მონაპოვარი წარმოდგენილია კოლხური კერამიკით, ძვ. წ. V ს-ის ატიკური შავლაკიანი კერამიკის ფრაგმენტებით. დადასტურებულია ასევე რკინის თოხი, თიხის საბერველის მილი, კოლხური ტიპის მინიატურული ცული, სატეხისყალიბის ფრაგმენტები. ნამოსახლარის ეს ფენა ძვ. წ. V ს-ით თარიღდება.
„სამუშაო ძალიან მასშტაბური და რთულია. რა თქმა უნდა, უკვე გვაქვს კონკრეტული შედეგები, რომელსაც უფრო დეტალურად შესწავლა სჭირდება, ამიტომ როდესაც არქეოლოგიური ნაწილი იმ ეტაპზე იქნება, რომ კარგად ჩანდეს ის რაც უკვე გამოვლენილია, აუცილებლად გავაცნობთ საზოგადოებას. უახლოეს მომავალში მოქალაქეებს ვაჩვენებთ იმ 2 არქეოლოგიური მისიის კონკრეტულ შედეგებს და ვისაუბრებთ სამომავლო პერსპექტივებზე“, - განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
სპეციალისტების მნიშვნელოვანი ნაწილის მოსაზრებით, ქუთაისის ისტორიულ კულტურული ლანდშაფტის კვლევა და მისი იუნესკოს ბაზაზე აღრიცხვა ერთადერთია, რაც რეაბილიტირებულ და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხიდან ოფიციალურად ამოღებულ ბაგრატის ტაძარს, ახალი ნომინაციის ფარგლებში დაბრუნების შანსს უტოვებს.
commersant.ge
ავტორი: ნიუპრესი