ქუთაისი "უეფასათვის" წარდგენილ პირველად განაცხადში შეტანილი იყო - დავით მუჯირი
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ქუთაისელი ფეხბურთის გულშემატკივრებს პასუხობს და აცხადებს, რომ ქუთაისი, ისევე როგორც ზუგდიდი და გორი შეტანილი იყო "უეფასათვის" წარდგენილ პირველად განაცხადში.
როგორც მან "ნიუპრესთან" საუბარში განაცხადა, მასპინძელი ქალაქების შერჩევა უეფას რეგულაციების გათვალიწინებით მოხდა.
"გვესმის ფეხბურთის ქუთაისელი ვგულშემატკივრების, ჩვენც ძალიან გვინდოდა, რომ ქუთაისი ყოფილიყო ტურნირის მასპინძელ ქალაქთა შორის. უეფასადმი წარდგენილ პირველად განაცხადში შეტანილი იყო ქუთაისი, ისევე როგორც გორი და ზუგდიდი, იმ ქალაქებთან ერთად, რომელიც საბოლოოდ დამტკიცდა. როგორც ცნობილია, მოხდა ჩემპიონატის გადანაწილება ორ ქვეყანაზე, ანალოგიურად, რამდენიმე ქალაქის მოსაკლისება მოუწიათ რუმინეთში. იქაც ტურნირი გაიმართება ორ ქალაქში, სადაც 2-2 სტადიონი აქვთ. მიუხედავად ჩვენი დიდი სურვილისა, რომ რომ ქუთაისი გორი და ზუგდიდიც მოხვედრილიყო მასპინძელ ქალაქთა ჩამონათვალში, შეირჩა თბილისი, სადაც არის 2 სტადიონი და რადგან ბათუმში არ არის მეორე სტადიონი, გეოგრაფიული პრინციპით, არჩევანი გაკეთდა ფოთზე", - განაცხადა მუჯირმა.
ფედერაციის გენმდივნის თქმით, გარდა გეოგრაფიული მოთხოვნებისა, რომ სტადიონები ერთმანეთისაგან არ უნდა იყვნენ დაშორებულები, ასევე მნიშვნელოვანია არასპორტული ინფრასტრუქტურა, სასტუმროები და ის ბაზები, სადაც ტურნირის მონაწილეები ტურნირამდე 10 დღით ადრე განლაგდებიან და ჯამში, დაახლოებით ერთი თვე დარჩებიან.
როგორც მუჯირი განმარტავს, არასპორტულ ინფრასტრუქტურას დღეს საქართველოში აკმაყოფილებს თბილისი და შავი ზღვის სანაპირო, სადაც არის ის რაოდენობა იმ სასტუმროებისა, რომელიც რეგულაციებში არ ის გაწერილი.
რაც შეეხება ქალაქების ხელმძღვანელების მზაობას და ჩართულობას, მუჯირის თქმით, ეს მზაობა არსებობდა და შესაბამისი დოკუმენტაცია ერთი წლის წინ არის ატვირთული უეფას განაცხადში.
კითხვაზე, შესაძლებელი იყო თუ არა ქუთაისის რომელიმე ქალაქთან დაწყვილება, მუჯირი განმარტავს, რომ ეს შეუძლებელი იყო, რადგან ეს უეფას რეგულაციებს ეწინააღმდეგებოდა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ "ევროპა ჩვენი სახლია" 2023 წელს გასამართ საფეხბურთო ტურნირის მასპინძელ ქალაქთა შორის ქუთაისის არარსებობა გააპროტესტა და უმოქმედობაში ადგილობრივი ხელისიფლება და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დაადანაშაულა.
რაც შეეხება ტურნირს, უეფას გადაწყვეტილებით, 2023 წლის 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში გაიმართება. 16 ევროპული ნაკრები ოთხ ჯგუფში გადანაწილდება. თითოეული ქვეყანა ორ-ორ ჯგუფს უმასპინძლებს. საქართველოში ჯგუფური შეხვედრები 4 სტადიონზე გაიმართება: მათ შორის ბათუმში, ფოთსა და თბილისში (ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი).
ავტორი: ირინა მაკარიძე