ქუთაისის აეროპორტში ჩინელ ტურისტს კორონავირუსზე შემოწმება ჩაუტარდა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორში მგზავრებს კორონავირუსზე შემოწმება უტარდებათ. ადგილზე საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის წარმომადგენლები მუშაობენ. მათი თქმით, ამ დრომდე ვირუსის სიმპტომი არ დაფიქსირებულა.
“აეროპორტში პრევენციული ღონისძიებები გრძელდება. ვავლენთ, ხომ არ აღენიშნება ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები. ასევე, განვუმარტავთ კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს. ჯერ არც ერთ მგზავრზე ტემპერატურა და ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშნები არ დაფიქსირებულა. შემოწმება ნებაყოფლობითია, თუმცა, ვცდილობთ, ყველა მგზავრი დავარწმუნოთ მის საჭიროებაში,”-ამბობს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი დახმარების ცენტრის მორიგე მედდა, იამზე ჩაფიჩაძე.
აეროპორტში იმყოფებოდა ჩინელი ტურისტი, რომელსაც შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ტემპერატურა და სიმპტომები არ დაუფიქსირდა. მან კომენტარზე უარი განაცხადა.
აეროპორტში ვირუსზე შემოწმება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. მგზავრებს დისტანციური თერმომეტრით ამოწმებენ და პირად მონაცემებს იწერენ.
ვირუსის სავარაუდო სიმტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მგზავრს აეროპორტის უკანა შესასვლელიდან გაიყვანენ და საავადმყოფოში გადაიყვანენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი