"ქუთაისის ბიუჯეტის განხილვა ზეპირსიტყვიერად ხდება, რაც არასერიოზულია"
ქუთაისის ვიცე მერმა 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა, ამავე პროექტზე იმსჯელეს დღეს ქუთაისის საკრებულოს ჯანდაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიაში. თუმცა, მას შემდეგ რაც ქუთაისის მერმა საკრებულოსათვის მის მიერ მიწოდებული პროექტი უკან გამოითხოვა, 2018 წლის ბიუჯეტის ახალი ვარიანტის საკრებულოსათვის გაგზავნის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ გამხდარა.
კითხვაზე თუ რა პროექტს განიხილავდა მერია და საკრებულო, ოპოზიციის წარმომადგენელი გიგა შუშანია პასუხობს, პროექტის ზეპირსიტყვიერად განხილვა ხდება.
"მერია აცხადებდა და ჩვენც ბოლო მომენტამდე ველოდებოდით შეცვლილ პროექტს, რომელიც თვითონვე თქვეს, რომ შესაცვლელი იყო. გუშინ ღამით საკრებულოს წევრებს მოუვიდათ შეტყობინება, რომ დღეს ჩანიშნული იყო ჯანდაცვის კომისიის სხდომა და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის სხდომა. (მე არ ვარ ამ კომისიიების წევრი) აღმოჩნდა, რომ მერიამ კომისიის სხდომაზე წარუდგინა საკრებულოს წევრებს ბიუჯეტის არსებულ პროექტში შეტანილი ცვლილებები. კომისიის სხდომებზე ხდება ამ ცვლილებების გავლა, რაც არის არასერიოზული, რადგან წინასწარ არც ერთ დეპუტატს ეს ცვლილებები არ დაგზავნია. ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებიც 5 წუთში სერიოზული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია, ამას ჭირდება ანალიზი და სერიოზული დასკვნის გაკეთება, რისი საშუალებაც ოპოზიციას, ყოველ შემთხვევაში, არ მისცემია. ხვალ ან ზეგ, სავარაუდოდ, იქნება საბიუჯეტო კომისიის სხდომა და ჯერჯერობით ცნობილი არაა, რამდენი იქნება ბიუჯეტი. ყველა ელოდება, როდის მოვა კომისიის სხდომაზე მერიის წარმომადგენელი და გაგვაცნობს პროექტს. ბიუჯეტის პროექტის ამგვარი ფორმით გაცნობა არ იძლევა პროექტის სრულფასოვნად განხილვის შესაძლებლობას. დღეს ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდა ვიცე მერი და წარუდგინა პროექტი, მაგრამ ეს პროექტი არსადაა გამოქვეყნებული და შეუძლებელია 15 წუთში ან ნახევარსათიან შეხვედრაზე ადამიანებს გააცნო ბიუჯეტის პროექტი. ნაცვლად იმისა, რომ პროექტი გამოქვეყნებულიყო ვებ გვერდზე, დარიგებულიყო საბოლოო ვარიანტი, ხდება ზეპირსიტყვიერად ამ ყველაფრის წარდგენა, რაც არ იძლევა ინფორმაციის სრულფასოვნად გადამუშავების საშუალებას", -განაცხადა ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელმა გიგა შუშანიამ.
მისი თქმით, ცვლილებები ხდება არსებულ პროექტში, რომელიც მერიამ გასული წლის ბოლოს უკან გაიწვია.
ქუთაისის საკრებულოში ადასტურებენ, რომ საკრებულოს კომისიები ბიუჯეტის პროექტის განხილვას შეუდგნენ, რაც შეეხება პროექტს, პრესსამსახურის განცხადებით, პროექტი გამოქვეყნებული არაა, თუმცა ის აქვთ საკრებულოს კომისიებს.
მერია ბიუჯეტის პროექტის დამტკიცებას დაჩქარებული წესით მიმდინარე თვის ბოლომდე გეგმავს. როგგარეშე სხდომა 24 იანვარს გაიმართება. ამ დრომდე კი ბიუჯეტის პროექტის განხილვა არა მხოლოდ საკრებულოს კომისიებმა, მოსახლეობის წარმომადგენლებმაც უნდა მოასწრონ, როგორც დღეს მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ განაცხადა, - "ხვალიდან ვიწყებთ აქტიურ შეხვედრას მოსახლეობასთან და ვეცდებით მათი ინიციატივები ავსახოთ ბიუჯეტში".
მერიაში აცხადებენ, რომ ცვლილებები არსებულ პროექტში შევიდა. მერიის პრესსამსახურის განცხადებით, ბიუჯეტის დამტკიცება 18 იანვარს მოხდება, ბიუჯეტის პროექტი კი მერიის ოფიციალურ გვერდზეა ატვირთული.
ავტორი: ირინა მაკარიძე