“ზაოდი” იტალიაში ომში დაღუპულთა მემორიალზე - ქალაქის მერი თანამედროვე ვანდალების დასჯას ითხოვს
ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, თუმცა უარყოფითი კონტექსტით.
იტალიაში, ქალაქ გრავინა ინ პულიაში, პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ქუთაისის ერთ-ერთი უბნის სახელი – “ზაოდი” მიაწერეს. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.
მსგავსი ვანდალური ფაქტების შესახებ, რომელთაც ადგილობრივი ვანდალები ქუთაისში სჩადიოდნენ, მუდმივად მიუთითებდა მედია.
ქუთაისში აგვისტოს ომის მემორიალი დააზიანეს, სკეიტ პარკის ღობე დააზიანეს, არაერთხელ დაამსხვრიეს ნათურები მოსწავლე-ახალგაზრდობის და ნინოშვილის სკვერში, ენერგოეფექტურ სკვერში დამტვრიეს „მზის გვირილა“, გაადგურეს დასამუხტი USB კაბელები, დააზიანეეს ურნები. - ამ და მსგავს ფაქტებზე "ნიუპრესზე" უამრავი მასალაა გამოქვეყნებული. ადგილობრივი ხელისუფლების უმოქმედების გამო დამნაშავე არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.
განსხვავებული რეაქცია აქვთ იტალიაში. წარწერის ამსახველი ფოტო ფეისბუქში გრავინა ინ პულიას მერმა ალესიო ვალენტემ გამოაქვეყნა და იმ ადამიანის დასჯა მოითხოვა, ვინც ეს გააკეთა.
„ჩვეულებრივი იდიოტები. წუხელ ისინი ომის მემორიალს დაესხნენ თავს. მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს მათ ხსოვნას, ვინც თავიანთი თავგანწირვით ამ იდიოტებს მისცა თავისუფალ სამყაროში ცხოვრების შესაძლებლობა,“ – წერს ალესიო ვალენტე.
მერი წერს, რომ უკვე აცნობა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას და ქუჩის კამერებით იმ ადამიანების პოვნა სთხოვა, რომლებმაც მემორიალზე წარწერა დატოვეს.
„ვიმედოვნებ პოლიცია იპოვის პასუხისმგებელ პირებს. ამ შემთხვევაში, მე ვთხოვ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაში ჩაერთონ.
იმედია ესმით რამდენად საშინელია მათი ქმედება, მოინანიებენ და ექნებათ იმის გამბედაობა რომ თავად გამოასწორონ. ნებისმიერ შემთხვევაში, გპირდებით, ამაღამ, ყველაზე გვიან კი ხვალ, მუნიციპალიტეტის მიერ მემორიალი წარწერისგან გაიწმინდება,“ – წერს გრავინა ინ პულიას მერი.
მერის პოსტს გამოეხმაურნენ იტალიაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც გამოქვეყნებული ფოტოს კომენტარებში ბოდიშს იხდიან ვანდალიზმის გამო და წარწერის წაშლაში იტალიელებს დახმარებას სთავაზობენ.
ავტორი: ნიუპრესი