|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა

ქუთაისის მეორე საპყრობილეში პატიმარმა შიმშილობა გამოაცხადა.  თემურ გოშაძე 26 მაისს ჭიათურაში დააკავეს, მას ბრალად  პოლიციის  წინააღმდეგობის გაწევის მუხლი წარედგინა.

ბრალდებულის  გათავისუფლებისა და ჭიათურაში პოლიციის უფროსის თანამდებობიდან გადადგომისა მოთხოვნით ჭიათურაში აქციები რამდენიმე დღეა, გრძელდება, სამი დღის წინ კი აქციის მონაწილეებმა შიმშილობა გამოაცხადეს. 

როგორც  დაკავებულის ადვოკატმა ილო ჯანელიძემ "ნიუპრესს" განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს ბრალი უსაფუძვლოდ აქვს წარდგენილი, ამასთანავე, ბრალდებული თავადაა ნაცემი და ამის შესახებ საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძებს.

"26 მაისს დაკავებული პირის თემურ გოშაძის მიმართ მიმართ გამოძიება დაწყებულია 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც პოლიციის წინააღმდეგობას გულისხმობს, რეალურად ამ ადამიანს ეს ქმედება არ ჩუდენია, ბრალდებული არის უკანონო პატიმარი, რაც გავასაჩივრეთ, ასევე გამოძიება დაწყებულია პოლიციის მიერ მისი ცემის ფაქტზე, ბრალდებულს  აქვს მიღებული სხვადასხვა დაზიანებები. აღნიშნულს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებს", -განაცხადა ადვოკატმა ილო ჯანელიძემ.  მისი თქმით, ბრალდებული პროკურატურაში გუშინ დაიკითხა. 

შსს სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფას უარყოფს. 

როგორც "ნიუპრესს" შსს-ში განუცხადეს, პირს, რომელიც ამჟამად დაკავებულია,  პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, (წინააღმდეგობა, მუქარა ან ძალადობა საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ) დანაშაული ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა საკითხებთან დაკავშირებით პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.

რაც შეეხება 26 მაისის საქმეზე დაკავებულ 8 პირს, ისინი სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ხელწერილის საფუძველზე უკვე გაათავისუფლეს. 

 

ჭიათურის პოლიციის შენობასთან ადგილობრივებმა აქცია გამართეს

ავტორი: ირინა მაკარიძე