ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 43 ათას ლარს დახარჯავს
ქუთაისის მერია საახალწლო და საშობაო ღონისძიებების ორგანიზებისათვის 42 955 ლარს დახარჯავს. NAT180018685 ელექტრონული ტენდერის პირობებით ირკვევა, თუ რა ღონისძიებებს გეგმავს ქუთაისის მერია სადღესასწაულოდ.
ტენდერის თანახმად, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება როგორც ცენტრალურ მოედანზე, ასევე მონ პლეზირის თაღის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, 31 დეკემბერს გალა-კონცერტი 22:00 სთ-ზე დაიწყება.
ღია ცის ქვეშ საბავშვო ღონისძიებები 13:00-დან 17:00 სთ-მდე მოეწყობა, გაიმართება კოსტუმირებული მსვლელობა და საბავშვო წარმოდგენა, პოპულარული ანიმაციური ფილმების პერსონაჟების კოსტიუმებით.
დრამერების შოუ-მსვლელობა 31 დეკემბერს გაიმართება, ასევე მოეწყობა სამეჯლისო ცეკვების პერფორმანსი. მოთხოვნის მიხედვით, მოცეკვავე წყვილი უნდა იყოს საქართველოს ჩემპიონი პროფესიონალ მოცეკვავეთა შორის სპორტულ-სამეჯლისო ცეკვების მიმართულებით (სასურველია სატელევიზიო შოუში მონაწილეობის გამოცდილება).
საშობაო ქოხებში ბავშვებს სანტაკლაუსი, ჟონგლიორი, მეზღაპრე, ილუზიონისტი და ჯამბაზი დახვდებათ. ტრადიციულად იქნება თოვლის ბაბუა, ტენდერის პირობებით, მისი ხურჯინისათვის საჭირო ტკბილეულიც განსაზღვრულია.
სატენდერო წინადადებების მიღება 8 დეკემბერს იწყება. მსურველებს მოთხოვნის დასაფიქსირებლად დრო 11 დეკემბრამდე აქვთ.
ავტორი: ნიუპრესი