ქუთაისის მერიასა და კომპანიას შორის 10 მილიონიანი დავა გრძელდება
ქუთაისის ცენტრში არსებული ერთ-ერთი ამორტიზირებული შენობიდან პერიოდულად ნანგრევები ცვივა, რაც მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. პრობლემის შესახებ ყველა ინფორმირებულია. იმ არგუმენტით, რომ შენობა კერძო საკუთრებას წარმოადგენს, ქალაქის მერია საქმეში ვერ ერევა.
ფალიაშვილის #11 მდებარე ყოფილი "კულტურის სახლის" შენობის გარდა ებრაული კომპანია "შიტრით ჯგუფი" ქუთაისში არაერთ შენობას ფლობს, რომელთა არც რეაბილიტაციას და არც ქალაქისათვის უკან დაბრუნებას ჩქარობს.
მოლაპარაკება ქუთაისის მერიასა და კერძო კომპანიას უკვე რამდენიმე წელია გრძელდება. ქალაქის მერიის ხელმძღვანელობის განცხადებით, შპს "შიტრიტ ჯგუფის" ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას ეკონომიკის სამინისტრო აწარმოებს.
როგორც ქუთაისის მერი შოთა მურღულია განმარტავს, საკითხის მსვლელობა ეკონომიკის სამინისტროში არაერთხელ მოიკითხა, თუმცა საქმეზე ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
კომპანიას აღნიშნული შენობები -13 ობიექტი წინა ხელისუფლების დროს, საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 18 თებერვლის განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 3 მილიონ 143 000 ლარად გადაეცა. ხელშეკრულების მიხედვით, მყიდველს საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი თვის ვადაში უნდა გადაეხადა, თუმცა „შიტრიტ ჯგუფმა“ ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში მხოლოდ 2 მილიონ 965 700 ლარი გადაიხადა, ხოლო თანხის დარჩენილი ნაწილი 177 300 ლარი მასზე დაკისრებული საურავით (ჯამში 259 000 ლარი) 2012 წლის სამ სექტემბერს დაფარა. საინვესტიციო პირობის მიხედვით, კომპანიას შეძენილ ობიექტებზე 5 მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. კომპანიამ 2012 წელს 8 ოქტომბერს სამუშაოების დასასრულებლად ვადის გაგრძელება 2 წლით ითხოვა, თუმცა ვერც მომდევნო ვადებში ჩაეტია. მითითებულ ვადებში "შიტრიტ ჯგუფმა" ქუთაისში მხოლოდ სასტუმრო "Empire" დაასრულა.
შეუსრულებები პირობის გამო ებრაულ კომპანიას ჯარიმა ერიცხება, თუმცა კომპანიის წარმომადგენლები არც ამ ჯარიმას იხდიან. 2015 წელს ქუთაისის მერიამ "შიტრით ჯგუფს" მოლაპარაკება შესთავაზა. ჯარიმის შეწყვეტის სანაცვლოდ კომპანიას მერისგან შეძენილი ობიექტები უნდა დაებრუნებინა. სწორედ ამ საქმის გადაწყვეტას ელოდება ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისიტროსაგანა.
როგორც ირკვევა, ქუთაისის მერიის მიერ მინიჭებული პრეროგატივა ეკონომიკის სამინისტროს ამ დრომდე არ გამოუყენებია. როგორც ჩანს, სამინისტრო თვითმმართველობისა და კერძო კომპანიას შორის არსებულ დავაში ჩარევას არ ჩქარობს.
ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ნიკა ქამუშაძე განმარტავს, რომ თვითმმართველობის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების შესრულებაზე პასუხისმგებელი თვითმმართველობაა და რომ კომპანიასა და მერიას შორის არსებული დავა სამინისტროს მიერ ვერ გადაწყდება.
რაც შეეხება ჯარიმას, ვადაგადაცილების გამო მას თანხები პერიოდულად ემატება. 2015 წლის მონაცემებით, ჯარიმა 10 მილიონს აღწევდა.
ქუთაისის ყოფილი მერის გია თევდორაძის განცხადებით, თვითმმართველობას შეეძლო მდგომარეობიდან გამოსავალი ეპოვა, თუმცა ეს არ გააკეთეს.
"მერიას შეეძლო, პირობების შესაბამისად, 3 413 000 ლართან ერთად სასტუმრო „EMPIER” დაებრუნებინა და ის 10 მილიონიც მიეღო, მაგრამ ასე არ მოიქცენ", -აცხადებდა გია თევდორაძე "ნიუპრესთან" საუბარში 2015 წელს და ირწმუნებოდა, რომ ხელისუფლებაში მათი ყოფნის პირობებში ყველა ვალდებულება შესრულდებოდა.
სწორედ ხელისუფლების ცვლილება სახელდებოდა მიზეზად, რის გამოც "შიტრიტ ჯგუფის" მიერ ქალაქში ინვესტიცია შეჩერდა. კომპანიას შეძენილ ობიექტზე, პარლამენტის მიმდებარედ სასტუმრო უნდა აეშენებინა. გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის გადატანაზე საუბრის დაწყებამ ინვესტორი დააფრთხო და გადაწყვეტილება შეაცვლევინა.
ამ ეტაპზე კომპანიის პოზიცია უცნობია. კომპანიის მაშინდელი წარმომადგენელი ნატალია კვანტალიანი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, კომპანიას აღარ წარმოადგენს. ბიზნეს კატალოგში მითითებულ კომპანიის ნომერზე გვპასუხობენ, რომ შიტრიტ ჯგუფს საქართველოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს. რაც შეეხება კომპანიის მფლობელს შიმონ შიტრიტს, ის ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ შიმონ შიტრიტი ამავე დროს ქუთაისის საპატიო მოქალაქეცაა.
ვიდრე ორი უწყება შენობების ბედს გადაწყვეტს, კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობების მდგომარეობა უფრო უარესდება. ბიუჯეტისათვის მიყენებული მილიონობით ზარალის გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია მოქალაქეებისათვის შექმნილი საფრთხე.
(აღნიშნულ შენობებში კომპანიის კუთვნილებას ფართების მხოლოდ გარკვეული ნაწილი წარმოადგენს.)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი