ქუთაისის უფასო სასადილოებში საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა
ქუთაისში „მადლიერების სახლის“ უფასო სასადილოებში ორშაბათიდან საკვები მხოლოდ შინ წასაღებად გაიცემა და აღარ მოხდება ადგილზე კვება.
უფასო სასადილოებში პრევენციული ღონისძიებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის თანახმად ტარდება.
ქუთაისის მერიის ინფორმაციით, იმისთვის, რომ საკვების გაცემა იყოს უსაფრთხო, უფასო სასადილოების თანამშრომელები გააკონტროლებენ შესასვლელში დეზინფექციის პროცედურას, შესაბამისი სადეზიფექციო ხსნარების გამოყენებით. ხოლო სასადილო ოთახში ერთდროულად 2-3 მოქალაქეზე მეტი ვერ შევა.
მერიაში ასევე განმარტავენ, რომ იმ ბენეფიციარებს, ვისაც სასადილოში მისვლა არ შეუძლიათ, შინ მიტანის სერვისი ემსახურება, მიმართვის შემთხვევაში ამ მომსახურების მიღებას სხვა ბენეფიციარებიც შეძლებენ.
ამავდროულად, დღეში ორჯერ, წესების სრული დაცვით „მადლიერების სახლის“ და უფასო სასადილოების შენობების სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი: ნიუპრესი