|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისს ჭირდება ბევრი ადგილი, რომელიც მნახველზე შთაბეჭდილებას მოახდენს"

დავით კაკაბაძის სახელობის გალერეის დირექტორის მოადგილემ, მოქანდაკე გიორგი ლომთაძემ საზოგადოებას განჯისათვის თავისი პროექტი შესთავაზა. მის პროექტსა და ქუთაისში არსებულ ძეგლებზე, მათდამი დამოკიდებულებაზე გიორგი ლომთაძე "ნიუპრესს" ესაუბრა.  

-როცა ტურიზმზე გვაქვს აქცენტი, ქალაქში უცხოელები ჩამოდიან, ათვალიერებენ ყველაფერს, აინტერესებთ, რა ხალხი ვართ, აუცილებელია, რაც შეიძლება მეტი ადგილი იყოს ქალაქში, რომ მნახველზე შთაბეჭდილება მოახდინოს და დიდხანს დაამახსოვრდეს. ისტორია გვაქვს ღვთის წყალობით, ჩვენი წინაპრების ღვაწლით, მაგრამ ამ ისტორიას გაგრძელება სჭირდება. არაფერი გვაქვს ახალი შექმნილი, არაორდინალური... ვფიქრობ, საინტერესო იქნება რიონში, თეთრ ქვებზე დინოზავრების სკულპტურები, რომლებიც მდინარის ადიდების დროს წყლით დაიფარებიან, სხვა დროს გამოჩნდებიან. წყლის დინების ცვალებადობასთან ერთად სკულპტურის ნაწილებს წყალი დაფარავს.

-რა ზომის უნდა იყოს ქანდაკებები და რამდენი ქანდაკების დადგმას ფიქრობთ?

-ვფიქრობ, 5 მეტრის მაინც უნდა იყოს და 3 დინოზავრი მაქვს ესკიზში, მე დიდი ხანია ვფიქრობ ამ პროექტზე, დინოზავრის მხრებზე უნდა იჯდეს პატარა ბიჭი, ეს ხალისს შესძენს კომპოზიციას, თითქოს დინოზავრს მდინარიდან გამოყავს პატარა ბიჭი.

-რა მასალით უნდა გაკეთდეს ეს ქანდაკება, გასათვალისწინებელია მდინარის ფაქტორიც?

-კონსტუქტორები შეძლებენ ფიგურის დამაგრებას წყალში საიმედოდ. პერიოდულად ამის შესახებ ვსაუბრობდი, ჩემი იდეა გავაცანი ქალაქის მერსაც. მან მითხრა, რადგანაც თეთრი ქვები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის გამოცხადებული, საჭიროა სპეციალური ნებართვა. მათი თქმით,  შესაძლებელია ამ საკითხზე ტენდერის გამოცხადება. ამის  შემდეგ,  მაისის თვეში ესკიზი დავაპატენტე.  

 

 -დინოზავრს უფრო წყალტუბოს სიმბოლოდ მიიჩნევენ. იმ სივრცეში იმ კომპოზიციაში, სადაც უკვე არგო ჩაემატა, თქვენი კომპოზიცია როგორ ჩაეწერება?

-თქვენ თქვით, რომ არ ასოცირდება დინოზავრები ქუთაისთან, ეს იმიტომ, რომ ამ საკითხზე არავის უფიქრია. თეთრ ქვებზეც არის დაფიქსირებული ნაკვალევი. როგორ, სათაფლიაზე იყო დინოზავრი და ქუთაისში ვერ ჩამოდიოდა?!.  როდესაც ეს სკულპტურები  გაკეთდება,  შეიცვლება  დამოკიდებულება. ძალიან კარგი ადგილი იქნება,  ღამის განათება კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის მას. მე რომ მქონდეს შესაძლებლობა, გავაკეთებდი, „ფეისბუკზე“ იმიტომ დავდევი ესკიზი, რომ მინდა, ამ საკითხზე საზოგადოების აზრი ჩამოყალიბდეს. მხოლოდ ეს კი არა,  ქუთაისს ჭირდება ძალიან ბევრი ასეთი ადგილი, ბევრი მხატვრობა, ქანდაკება, არქიტექტურული ნამუშევრები, კედლების მოხატვა, ბარელიეფები, სტრით არტი... 

- პირველი, ალბათ, ქუთაისში რაც დაიდგმება, რუსთაველის ძეგლია, გამოცხადდა კონკურსი  ძეგლის ესკიზზე, თუმცა ჯერ ადგილი არ არის შერჩეული, ამაზე რას იტყვით?

-რუსთაველის ძეგლის დადგმა ძალიან საპასუხისმებლო საქმეა, ყველაზე პრობლემური საკითხია ის, რომ კონკურსი ცხადდება ისე, რომ ადგილი არ არის შერჩეული, ეს არ შეიძლება. როგორ შეიძლება მე გავაკეთო ესკიზი და არ ვიცოდე, სად ვდგამ? როდესაც ვიცი მე სად ვდგამ, იქ ფორმებიც სხვა იქნება, შეიძლება გადაწყვეტაც სხვა იყოს იმ გარემოსთან მისადაგებული. რუსთაველის ძეგლი უნდა დაიდგას ქალაქში იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება იმ დონის ნამუშევარი, რომელიც შეეფერება რუსთაველს და ქალაქის შემოქმედებით დონეს, თუ ასეთი ნამუშევარის შერჩევა არ მოხდება, მაშინ, მგონია, რომ არ უნდა დაიდგას.

-სხვადასხვა მოსაზრებებია შრომის დიდების მემორიალთან დაკავშირებით, თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იქნება ამ მემორიალის დემონტაჟი?

-ამ მემორიალის იდეა ეკუთვნის ვახტანგ დავითაიას და  კომპოზიცია მან შექმნა, მაგრამ მანდ დადგმულია სხვადასხვა ავტორების მიერ შესრულებული ქანდაკებები, მათ შორის მონასელიძის, ხასიას, შხვათაბაიას,  ამაშუკელის... იდეა იყო ძალიან საინტერესო, პერიოდულად ხდებოდა ქანდაკებების ცვლა კვარცხლბეკებზე...  რაც შეეხება დემონტაჟს, კომუნისტური გადმონაშთი ჩვენ ყველაფერი გვაღიზიანებს და კარგზე და ცუდზე უარს ვამბობთ, რაც ჩემი აზრით, არ არის სწორი.  არადა, მეოცე საუკუნეში  ქართულმა მონუმენტურმა ქანდაკებამ მიაღწია ძალიან მაღალ დონეს, ამ პერიოდში შედევრები შეიქმნა...  დემონტაჟი რატომ უნდა მოხდეს, ქალაქში ისედაც არაფერი გვაქვს? განახლება შესაძლებელია.

 -მე შემინიშნავს, ერთ-ერთ კვარცხლბეკზე, რომელზეც ძეგლი არ არის, ტურისტები ადიან და სურათს იღებენ...

- ეს ძალიან კარგია, ესეც შეიძლება ახლებურად ჩაეწეროს იმ სივრცეში...

ცნობილია, რომ იქ ყოფილა ეკლესია,  ქალაქის მოედანზეც, მაგრამ ახლა ყველგან ეკლესია ხომ ვერ იქნება?  ცუდია, რომ ასე მოხდა და დაანგრიეს, მაგრამ ახლა რაც არ უნდა აიგოს, ის იქნება 21-ე საუკუნის ძეგლი და არა წარსულის რეანიმაცია.

-21-ე საუკუნეში ალბათ სხვა ტიპის ძეგლები უნდა იდგმებოდეს ქალაქში და არა ბიუსტები, რომლის ტენდენცია გრძელდება...

-ჩვენ გვყავს ნიჭიერი ადამიანები ქალაქში და მივცეთ შესაძლებლობა მათ, რომ ეს ნიჭი გამოავლინონ. ჩვენი ერის ნიჭიერება ღვთის საჩუქარია, ეს არის განძი ერის და ეს ეროვნული საგანძური უნდა გავაღოთ და გამოვიტანოთ, ამას ხელი ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს. ვიცი, რომ გვიჭირს, მაგრამ კულტურა არის ის საქმე, რომელიც უფრო მეტს შემოიტანს, ვიდრე დაიხარჯება.

-რას იტყვით უსახელო ძეგლებზე? მაგალითად, რუთაველის ხიდთან არის ზურაბ კუხიანიძის ბიუსტი, თუმცა არსადაა  ინფორმაცია დატანილი, ასევეა სხვა ძეგლები...

-თუ არ არის ინფორმაცია, ამას კიდევ არაუშავს, მაგრამ საქმე ამ ძეგლების მხატვრული ღირებულებაა. იგივე კუხიანიძის ძეგლი, კარგი ავტორის, კიკვიძის მიერაა შესრულებული, მაგრამ  სრულიად შეუფერებელ კვარცხლბეკზეა. არ არის მასშტაბი გააზრებული. ვიღაცამ გადაწყვიტა და ასე გააკეთა. ის რომ ნორმალურ კვარცხლბეკზე იდგეს და სივრცეც შესაფერისი იყოს, ის ძეგლი ათასჯერ უკეთესი გამოჩნდება და ათასჯერ მეტი მნახველი ეყოლება, ახლა კი გინდ ყოფილა იქ და გინდ არა. სხვათაშორის ამაში ფულია გადახდილი და ასე არაპროფესიულად  არ უნდა კეთდებოდეს.

-წლების განმავლობაში მიდის საუბარი კიკვიძის ძეგლის დემონტაჟზე, ამაზე რას იტყვით?

-რატომ უნდა აიღონ? იმიტომ რომ კომუნისტი იყო?ეს ჩვენი ისტორიაა.  ასე რომ ენგრია სხვა ქვეყნებს თავისი ისტორია, დღეს არაფერი ექნებოდათ.  ეს ქანდაკება არის ვალიკო მიზანდარის და გოგილო ნიკოლაძის  გაკეთებული. ვალერიან მიზანდარი, იყო ამ ქალაქში ასეთი  პიროვნება, მოქანდაკე, ის იყო იაკობ ნიკოლაძის მოსწავლე,  მას ძალიან დიდი ღვაწილი აქვს ამ ქალაქში მხატვრობის განვითარებაში. დიდი შრომა აქვს ჩადებული ამ საქმეში. მიზანდარის ქანდაკება ეგ ერთია და მეორე,  მაიაკოვსკის ძეგლი პირველი სკოლის წინ, როგორ შეიძლება ამ კვალის წაშლა? მე ძალიან დამწყდება გული, ის ძეგლი რომ აიღონ, ეს იქნება ვალიკო მიზანდარისა და გოგილო ნიკოლაძის ხსოვნის შეურაცხყოფა და მერე მეორე, რა რჩება ქალაქს? მე  ვიცი ერთი რამ, მხატვრული ნაწარმოები, თუ თავისი მხატვრული  ღირებულებით არის გამორჩეული, არ აქვს მნიშვნელობა მის პოლიტიკურ კონტექსტს.

 

-მრავალჯერ დავწერეთ ილიას ძეგლის შესახებ, რომელიც არის შეუფერებელ სივრცეში, ხან ხეები ფარავს, ხან სარეკლამო ბილბორდი, რამდენად შეეფერება ის ადგილი იმ ძეგლს, სადაც ახლა არის განთავსებული?.

-ეს არის ძალიან კარგი ძეგლი, ამ ძეგლის ავტორი არის შოთა მიქატაძე, ეს ძეგლი თავიდან იდგა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში,  გზის გაჭრის შემდეგ გადაიტანეს ჭავჭავაძის გამზირზე.  ისეთი დიდი მოღვაწე, როგორც ილია ჭავჭავაძეა, არ შეიძლება, ასე მოვაფაროთ თვალს. ამას უნდა ელემენტარული თბილი დამოკიდებულება. მხატვრებიც არან ამ ქალაქში, მოქანდაკეებიც, არქიტექტორები,  ამ ქალაქს აქვს იმის რესურსი, რომ ყველაფერი საუკეთესო დონეზე იყოს,  მაგრამ ამ რესურს გამოყენება უნდა.

  

 ყველა ძეგლი იდგმება გარემოდან გამომდინარე, სად კეთდება და რა სივრცეში- სივრცის ორგანიზაცია ხდება, თუ სივრცეში ყველაფერი ჩაყრილია, ეს არქიტექტურა და ხელოვნება უკვე აღარ არის.

მსგავსი:

დინოზავრები თეთრ ხიდთან - პროექტი დაპატენტებულია

შრომის დიდების მემორიალის რეაბილიტაცია მოხდება

უსახელო ძეგლები ქუთაისში (PHOTO)

როგორ გამოიყურება ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ქუთაისში(PHOTO)

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა