პრეზიდენტობის კანდიდატის შეურაცხმყოფელი პლაკატები აღმაშენებლის ძეგლზე
ქუთაისში ქალაქის სხვადასხვა ადგილას გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" პრეზიდენტობის კანდიდატის შეურაცხმყოფელი პლაკატებია გაკრული. მათ შორის პლაკატები გაკრულია დავით აღმაშენებლის ძეგლის კვარცხლბეკზე - აღნიშნულის შესახებ ფოტოები სოციალურ ქსელში გია უკლებამ გაავრცელა. მისი თქმით, ერთდროულად რამდენიმე დარღვევა იკვეთება.
"ეს არის "ქართული ოცნების" და სუს-ის ერთობლივი ნამუშევარი. პლაკატები აღმაშენებლის ძეგლზეა გაკრული, რაც ყოვლად დაუშვებელია. მერიას აუცილებლად უნდა ქონდეს რეაგირება ამაზე, თუმცა ჭიღვარიასაგან არ მიკვირს, სრულიად უწიგნური და რეგვენი მერია გვყავს, ის რამდენიმე ადამიანი, ვინც მართავს ქალაქს. ამასთან ეს არის საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა, რადგან ამ ე.წ. მასალას არ ახლავს არც დამკვეთი, არც შემსრულებელი, ტირაჟი და სხვა რეკვიზიტები, რომელიც გათვალისწინებულია საარჩევნო კოდექსის 46-ე მუხლით. რამდენიმე დარღვევაა, რაზეც აუცილებლად უნდა მოხდეს რეაგირება, როგორც ცესკოს, ასევე ქალაქის თვითმმართველობის მხრიდან", -განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" წარმომადგენელმა, ქუთაისის საკრებულოს წევრმა გია უკლებამ.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ საკითხთან დაკავშირებით დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება სამართალდამრღვევი პირების დადგენის მიზნით. "დაუშვებელია პლაკატების გაკვრა ისეთ ადგილზე, სადაც ეს ნაბადართული არაა. ესაა კულტურული მემკვიდრეობის და სახელმწიფო დაწესებულებების შენობის ფასადები და ა.შ.. სამართალდარღვევა ითვალისწინებს ათასი ლარის ჯარიმას. აღნიშნულ ფაქტზე ჩვენ დილიდან მოვახდინეთ რეაგირება", -განაცხადა ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ. მისი განმარტებით, ძეგლზე არა მხოლოდ შეურაცხმყოფელი პლაკატები, "გირჩის" ლოგოც არის აღბეჭდილი, რაც ასევე დარღვევაა.
პოლიტიკური გაერთიანების "გირჩი" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილი მათი მხრიდან დარღვევას ვერ ხედავს. "დავით აღმაშენებლის ძეგლი არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და თუ მიანიჭებენ, არ ვიცი, მერიამ კი უნდა იცოდეს, ან კითხოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს", - განუცხადა ცამციშვილმა "ნიუპრესს".
ავტორი: ირინა მაკარიძე