|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები მერიასთან აქციის გამართვას გეგმავენ

ქუთაისში აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა მომსახურეობისთვის ორი ცენტრი მუშაობს, ამათგან ერთ–ერთი რეაბილიტაციის ცენტრი „ნაიო“ გასულ წელს გაიხსნა, რომელიც დონორი ორგანიზაციის და მერიის თანადაფინანსებით მუშაობდა. ორგანიზაციამ გარკვეული მიზეზების გამო ცენტრის მომსახურებაზე უარი განაცხადა, რის გამოც აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვები მომსახურეობის გარეშე დარჩნენ.

ბავშვების მშობლებმა დახმარებისთვის ქუთაისის მერიას მიმართეს. როგორც ერთ–ერთი მშობელი ეკა მურცველაძე აცხადებს, მათი მიზანი მერიისგან სრული დაფინანსების მოპოვებაა.

„დონორი ორგანიზაცია რომ გავიდა, დავრჩით მომსახურების გარეშე.  მერია გასულ წელს თანადაფინანსებით 50 000 ლარს გამოყოფდა, რაც არ არის საკმარისი, მაგრამ დონორთან ერთად ვახერხებდით საჭირო მომსახურეობა სრულად მიგვეღო. მოვითხოვეთ მერთან შეხვედრა, რომ გვესაუბრა ჩვენს პრობლემებზე, მაგრამ გვითხრეს, რომ მერი მივლინებაშია და ვიცე–მერები შეგვხვდნენ.  გვითხრეს, რომ დაფინანსება წელს 125 000 ლარამდე გაიზარდა და დამატებითი თანხება არ აქვთ. დაგვპირდნენ, თუმცა მათი დაპირება დამაიმედებელია არაა. როგორც ვიცე–მერმა განაცხადა, გაიზარდა ბავშვთა რაოდენობა, რის გამოც სრულ დაფინანსებას ვერ ახერხებენ. ყოველთვიურად მერია 210 ლარით გვაფინანსებს, მაშინ, როდესაც დაახლოებით 470 ლარია საჭირო, ამას გარდა, კერძოდ დაგვყავს ბავშვები პედაგოგებთან და თერაპიაზე. მერწმუნეთ, 200 ლარი რომ იყოს საჭირო, მერიას არავინ მიმართავდა. ჩვენი ბავშვებისთვის აუცილებლობას წარმოადგენს მსგავსი ცენტრი და მოვითხოვთ მერიისგან მიაქციონ ყურადღება ბავშვებს“, –განაცხადა ეკა მურცველაძემ.

მისივე განცხადებით, თუ მერია დაფინანსებას არ მოახდენს, მშობლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად მერიასთან აქციას გამართავენ.

"გვითხრეს, ღონისძიებები რომ ჩაატაროთ, დაგეხმარებით ბილეთების რეალიზაციაშიო.  მერწმუნეთ,  შშმ პირი რომაა შენი შვილი, არ გეკონცერტება და  მობილიზებას ვერც კონცერტზე აკეთებ და ვერც სხვა რამეზე. 24 საათი ვართ ბავშვებთან, ამიტომ ვაპირებთ, აქცია გავმართოთ მერიასთან", –განაცხადა ეკა მურცველაძემ.

 როგორც მშობელებთან შეხვედრაზე ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ განმარტა, 2018 წელს ამ პროგრამისთვის თანხა 50 000-დან 125 000-მდე გაიზარდა. მისი თქმით,  ქალაქის ბიუჯეტიდან სარეაბილიტაციო პროგრამა სრულად დაუფინანსდებათ სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფ ბავშვებს, ხოლო დანარჩენ ბენეფიციარებთან მიმართებით თანადაფინანსების კომპონენტი ამოქმედდება. თვალთვაძის თქმით, მერიას ლიმიტი თავის შესაძლებლობებში აქვს, თუმცა მშობლებს დამატებითი ფინანსების მოძიებაში დაეხმარებიან. 

როგორც ქუთაისის მერიაში ნიუპრესს განუცხადეს,  მომავალ კვირაში დაგეგმილია მერის და ვიცე–მერის შეხვედრა მშობლებთან და შესაძლოა, თანადაფინანსების საკითხში ცვლილება შევიდეს. 

ამ დრომდე  სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით აუტისტური სპექტრის მქონე 40 ბავშვი სარგებლობდა.  თუ მშობლებმა დაფინანსება ვერ მოიპოვეს, ბავშვებს ცენტრის მომსახურების მიღმა მოუწევთ ყოფნა.

 

 

 ფოტო-არქივი

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა