ქუთაისში გაუჩინარებულ ტურისტს ეძებენ
ნიდერლანდებიდან ჩამოსული ახალგაზრდა მამაკაცი 7 მარტს გაუჩინარდა. ინფორმაციას დაკარგული ბიჭის ძმა სოციალურ ქსელში ავრცელებს და დახმარებას ითხოვს.
როგორც ის წერს, მეგობრები ერთად იყვნენ კაფეში, რის შემდეგაც ქუჩაში გავიდნენ, რის შემდეგაც მისი ძმა გაუჩინარდა. დაკარგული არც სასტუმროში დაბრუნებულა და არც ტელეფონს პასუხობს.
დაკარგული ბიჭის მეგობარი დღეს ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ მათ უკვე მიმართეს პოლიციას და ძებნა დაიწყო.
"ჩვენ რესტორან "ბარაქაში" ვსადილობდით, ნასვამები ვიყავით. შემდეგ ის წავიდა და არ ვიცი სად, მე მაკდონალდში მივედი, შემდეგ სასტუმროში დავბრუნდი და დილის 7 საათამდე ველოდებოდი მის დაბრუნებას, თუმცა არ მოვიდა. გუშინ პოლიციას შევატყობინე და ახლა ყველა ეძებს მას. ჩვენ უკვე 32 საათია, არაფერი ვიცით მის შესახებ. დღეს პოლიციაში მივდივარ და კამერების ჩანაწერები უნდა ვნახოთ. სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ ღამის 1 საათზე ნასვამი ნახეს, რუსთაველის ქუჩაზე. არ ვიცი, როგორ დაიკარგა. დღეს მისი და ჩემი მშობლებიც ჩამოდიან საქართველოში. იმედია, მალე ვიპოვით", -აცხადებს დაკარგულის მეგობარი.
ახალგაზრდები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ და სხვა ქვეყანაში აპირებდნენ წასვლას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მათთან შეტყობინება გუშინ შევიდა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად მიმდინარეობს საძიებო ღონისძიებები.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი