ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ [VIDEO]
"ქალაქის ცენტრალურ მოედანზე ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი უნდა აშენდეს", - ამ დევიზით დღეს საინიციატივო ჯგუფმა ცენტრალურ მოედანზე აქცია გამართა.
საინიციატივო ჯგუფს არასამთავრობო სექტორი და პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ. ისინი "მაკდონალდის" მშენებლობას აპროტესტებენ და ქალაქის ცენტრში ისტორიულ-ეთნიოგრაფიული მუზეუმის აშენებას მოითხოვენ.
აქციის წევრები ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებენ შეასრულოს დაპირება და ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში მუზეუმი აშენდეს.
მწერალ ცირა ყურაშვილის განცხადებით, ქუთაისის სავიზიტო ბარათია არა მარტო გელათი და ბაგრატი, არამედ, ის უნიკალური საგანძური, რაც განთავსებულია ქუთაისის ისტორიულ -ეთნოგრაფიული მუზეუმის დარბაზებსა, თუ საცავებში.
"როცა ვამბობთ - ,,განთავსებულია საცავებში“,- ვგულისხმობთ 95 პროცენტ ჩვენს შეუფასებელ ექსპონატებს, რომელიც დარბაზში ვერ გამოიფინება ერთი მიზეზის გამო- ეს შენობა არაა მუზეუმისთვის შესაფერისი და ფართი ძალიან პატარაა. ჩვენი ინფორმაციით, 2007-2008 წლებში ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა და აპირებდა აეშენებინა მუზეუმი სწორედ აქ ძველი მუზეუმისა და გვერდით იმ ადგილას, სადაც დღეს "მაკდონალდსის" მშენებლობას აპირებენ. გაკეთდა პროექტი და შეთანხმდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, თუმცა გაგრძელება ვერ ჰპოვა ერთი მიზეზით–ძველი ხელისუფლება ითხოვდა ფულს, ივანიშვილი კი ამ პროექტის განხორციელებას თვითონ აპირებდა.
მივმართავთ ბატონ ბიძინა ივანიშვილს - ბატონო ბიძინა, დღეს ის დროა, როცა ამ პროექტს ფრთები უნდა შეესხას", -განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ,,ქუთაისის მომავლისთვის სახელით ცირა ყურაშვილმა.
მისი თქმით, იმ კომპანიას, რომელმაც "მაკდონალდსის" მშენებლობისათვის ტერიტორია შეიძინა, ალტერნატიული ფართი გადაეცეს.
აქციის მონაწილეები აღნიშნულთან დაკავშირებით ხელმოწერებს აგროვებენ. მათი განცხადებით, მომდევნო კვირას აქციას თბილისის კანცელარიასთან გამართავენ.
შეგახსენებთ, ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე „მაკდონალდსის“ სწრაფი კვების რესტორნის მშენებლობა დაიწყო. შპს „თ და კ რესტორნები“ 2 800 000 ლარის ინვესტიციას განახორციელებს. იქვე იგეგმება სასტუმროსა და ეკლესიის მშენებლობაც. რაც შეეხება მუზეუმის ყოფილ შენობას, მას გაყიდვა ელოდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი