ქუთაისში "ბზის ალურას" ებრძვიან
„ნიუპრესზე“ გასულ ინფორმაციას რეაგირება მოყვა. მერიის ააიპ "სპეციალურმა სერვისების" მიერ მცენარეების შეწამვლა დაიწყო. უკვე შეიწამლა ნიუპორტის ქუჩაზე მდებარე სკვერი და გაითიბა ბალახი. როგორც მერიაში განმარტავდნენ, ამ დრომდე მცენარეების აღწერა მიმდინარეობა, დაზიანებული და შესაწამლი მცენარეების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა ააიპს.
ე.წ. ჩინური პეპლების მიერ ქუთაისის რამდენიმე უბანში მცენარეები განადგურდა.
აღნიშნულ მავნებელს ბზის ალურას უწოდებენ, რომელიც მიეკუთვნება პეპლების (Lepidoptera) რაზმს Crambidae — ის ოჯახიდან. ბზის ალურას — Cydalima perspectalis სამშობლოა აღმოსავლეთ აზია: ჩინეთი, იაპონია, კორეა, ინდოეთი და სხვა.
2007 წლიდან შემოიჭრა ევროპაში და დღესდღეობით გავრცელებულია გერმანიაში, უნგრეთში, რუმინეთში, თურქეთში, შვეიცარიაში, ნიდერლანდებში და ევროპის სხვა ქვეყნებში.
2012 წელს კი ოლიმპიური სოფლის გასამწვანებლად განკუთვნილ იტალიიდან შემოტანილ მარადმწვანე ბზის (Buxus sempervirens) სარგავ მასალასთან ერთად შეიჭრა სოჭის ტერიტორიაზე, საიდანაც 2013 წლიდან დაიწყო მავნებლის მასობრივი გავრცელება, როგორც ქალაქის ტერიტორიაზე, ასევე ნაციონალური პარკის ტყის ნარგაობებზე და გამოიწვია ბზის თითქმის 100%- ით დეფოლაცია და შემდგომ ხმობა.
ბზის ალურა საქართველოში 2014 წელს გამოჩნდა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი