ქუთაისში მდინარე ოღასკურას კალაპოტი დააბეტონეს [VIDEO]
ქუთაისში მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოების დროს მდინარის ფსკერი დააბეტონეს. ფოტოს ჟურნალისტი ხვიჩა ვაშაყმაძე ქეთი ბერძენიშვილის მიერ გადაღებულ ავრცელებს, სადაც ასახულია მდინარის დაბეტონებული კალაპოტი, თუმცა მდინარეს არ აქვს ჯებირები. ფაქტმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია. მათი თქმით, მდინარის ფსკერის დაბეტონების გამო კალაპოტი დაპატარავდა, რაც მის ნაპირებიდან გადმოსვლას გამოიწვევს.
მდინარის ბეტონით დაფარვის ფაქტს გამოეხმაურა საკრებულოს ყოფილი დეპუტატი ნატო ქათამაძე. მისი თქმით, ოღასკურას კალაპოტის მოწყობა მისი პროექტი იყო, რომელიც მხოლოდ ახლა განხორციელდა, თუმცა რეაბილიტაცია მხოლოდ კალაპოტის გასუფთავებას და ჯებირების და მოაჯირების მოწყობას ითვალისწინებდა და არა საძირკველის დაბეტონებას.
ადგილზე დასაქმებულების თქმით, დაბეტონებული საფარი მდინარეს დაბინძურებისგან და კალაპოტის ნარჩენებით დაფარვისგან დაიცავს. მათივე თქმით, კალაპოტის სიმაღლე დაახლოებით ორი მეტრით ამაღლდა, რაც საკმარისი უხვის ნალექის გასატარებლად. მათივე განმარტებით, მდინარის გასწვრივ, სადაც იყო, დარჩა ძველი ჯებირი, ნაწილზე კი ახალი მოეწყო.
მერიაში განმარტავენ, რომ მდინარის კალაპოტი გაფართოვდა და მოსახლეობის დატბორვა აღარ მოხდება.
"მდინარე „ოღასკურას“ კალაპოტის მოწყობა მონოლითური ბეტონით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს როგორც ჯებირების, ასევე ფსკერის მოწყობას. შესაბამისად, მდინარე სწრაფად გაატარებს წყალს და არ მოხდება მოსახლეობის დატბორვა. ამასთან მომავალში მოგროვებული ქვა-ღორღი, ქვიშა თუ ხის ნარჩენები ადვილად გაიწმინდება, რათა მოსახლეობა კიდევ ერთხელ არ დადგეს დატბორვის საშიშროების წინაშე. მდინარე ოღასკურა გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ არ გაწმენდილა, რის გამოც უხვი ნალექის დროს ადიდებული მდინარე მთელ ქალაქს ტბორავდა და მოსახლეობას აზარალებდა. ქუთაისის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალისტებთან ერთად შემუშავდა მდინარის კალაპოტის მოწყობის პროექტი, რათა აღნიშნული პრობლემა ქალაქში საბოლოოდ მოგვარდეს. სხვადასხვა დროს დაგროვებული სილისა და ნალექის გამო მდინარის კალაპოტი 3-4 მეტრამდე იყო შემცირებული, ახლა ის 7 მეტრამდე გაფართოვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. ამასთან მდინარის კალაპოტში მოიჭრა ერთ მეტრამდე მიწა და გაიზარდა მისი სიმაღლე", - აცხადებენ მერიაში.
სამუშაოები შპს "კონსტანტას" მიერ სრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი