|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მეტალურგიულ საწარმოს მიცემული აქვს ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად" -ირაკლი მხეიძე

ქუთაისში მეტალურგიულ საწარმოში დასაქმებულები ერთკვირიანი პროტესტის შემდეგ სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ. დასაქმებულებთან ერთად საწარმოს წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებში საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორი ირაკლი მხეიძე მონაწილეობდა.  როგორც ირაკლი მხეიძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ამ დროისათვის ხელმოწერილი დოკუმენტი არ არსებობს, თუმცა საწარმოს მდგომარეობის გამოსასწორებლად გარკვეული ვადა აქვს მიცემული.

 მისი თქმით, დასაქმებულებმა საწარმოს ხელმძღვანელობას 5 პუნქტიანი მოთხოვნა წაუყენეს, რაც შრომის უსაფრთოების პირობების გაუმჯობესებას, სასადილო და სააბაზანოების მოწესრიგებას, შრომითი კონტრაქტების გაფორმებას  და ხელფასის მატებას უკავშირდება. 

"საწარმოს ხელმძღვანელობა ხელფასის მატების გარდა სხვა მოთხოვნების შესრულებას შესაძლებლად მიიჩნევს. ჩვენ ვართ მუდმივ კონტაქტზე დასაქმებულებთან, ამავე დროს წერილი გავაგზავნეთ ჯანდაცვის სამინისტროში ამ ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე მივაწვდით ინფორმაციას, რომ არ მოხდეს პროტესტის მონაწილე ადამიანების დასჯა და დისკრიმინაცია", - განაცხადა საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების იმერეთის ოფისის კოორდინატორმა. 

მისი თქმით, საწარმოში უმძიმესი დარღვევებია შრომის უსაფთხოების მხრივ: "მათ უწევთ მძიმე კვამლში და მტვერში მუშაობა, არ მუშაობს გამწოვი სისტემა. იატაკზე ყრია ქვიშა მტვერი და სილა, ამას ემატება კვამლი, რასაც სუნთქვენ, არ აძლევენ ნიღბებს, რაც გათვალისწინებულია სტანდარტით, ამის ნაცვლად აძლევენ ერთჯერად სამედიცინო პირბადეებს, რაც არის ადამიანის დაცინვა,  ეს ნიღაბი, არაფრის დაცვას არ  უზრუნველყოფს, არ აქვთ სპეცტანსაცმელი, ხელთათმანები, ფეხსაცმელი, რომელიც მუშას დაიცავს დაზიანებიდაგან.  საწარმოს შენობა არ არის ბოლომდე დასრულებული და ზამთარში სიცივეა, ზაფხულში სიცხე. არიან მღრნელები და ინფექციური დაავადების გავრცელების დიდი რისკია".

როგორც მხეიძე აცხადებს, შრომის ინსპექციისადმი მიწოდებული აქვთ ინფორმაცია და მეტალურგიულ საწარმოს მიცემული აქვს ვადა მდგომარეობის გამოსასწორებლად, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევებში ამოქმედდება სანქციების სისტემა. 

 შეგახსენებთ, მეტალურგიულ საწარმოს ამბიკონ სტილზის 200-მე თანამშრომელმა პროტესტის ნიშნად საწარმოში მუშაობაზე უარი განაცხადა და სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ხელფასების მატება მოითხოვა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 55.56%
არა - 44.44%
არ ვიცი - 0%
სულ - 9 ხმა